weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუხთარლის დაკავება და ქვეყნიდან გაყვანა საგანგაშო ფაქტია - სახალხო დამცველი

13:50 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საგანგაშო უწოდა თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის დაკავებისა და აზერბაიჯანში გადაყვანის ფაქტს. სახალხო დამცველის განცხადებით, მუხთარლი წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.

„ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას, საგანგაშო ფაქტი, როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა მეზობელ სახელმწიფოში არის. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მიქმნის განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ არის დაცული და მსგავსი ფაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია მეზობელ სახელმწიფოში ადამიანის გადაყვანაზე და ეს არის ყველაზე საგანგაშო. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ, ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო და თუ იცოდა, ეს კიდევ უფრო უარესი, სამწუხარო ფაქტია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მომხდარის გამო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

აფგან მუხთარლი თბილისში ბოლოს 29 მაისს, საღამოს ნახეს. მუხთარლის ახლობლები შიშობდნენ, რომ ის აზერბაიჯანის მთავრობას ჰყავდა დაკავებული. 30 მაისს მუხთარლის ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს და დიდი ოდენობის ფული აღმოუჩინეს. მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით კი, აფგან მუხთარლი ორშაბათს საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.

კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი აცხადებს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს და აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]