მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ადვოკატი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. მარიამ კუბლაშვილის თქმით, მათ პრემიერ-მინისტრისგან სამძიმარი მიიღეს.
„ჩვენ დეტალურად, კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და აგრეთვე, მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა და დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, აგრეთვე, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას.
კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე, ჯერ არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება, თუკი ამის საფუძველი იარსებებს.
დღეს კმაყოფილი ვარ თუ არა, ვერ ვიტყვი. უკანასკნელი იმედი მაქვს. ჩვენ გვქონდა მთავარ პროკურორთან შეხვედრაც, გამოვედით იმედით, მაგრამ ეს პერიოდი უშედეგოდ დასრულდა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეს ინფორმაცია უარყო.
მაჩალიკაშვილის მშობლებმა სასამართლოს მიმართეს მორალური ანაზღაურების მოთხოვნით, სუს-ის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული საჯარო განცხადებებით თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.