„ექსპერტიზის დასკვნა არასრულია. მასში ცხვირის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს შვილს ავარიის გამო ტრავმირებული ცხვირი ჰქონდა, კეხი არ ჰქონდა. ცხედარი რომ გადმოასვენეს, სიფრიფანა, კეხიანი ცხვირი ჰქონდა მიკერებული. ცხვირთან ეტყობა კიდეც თვალის უპისკენ გამავალი ნაჭრილობევი.
შუბლზეც ეტყობოდა წრიული ნაჭდევი, რაც ასევე არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭდევი მიყენებული, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს იყო ნატყვიარი. ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. შუბლზე ნაჭდევი ცხედარს გადმოსვენების დროსაც ეტყობოდა, თუმცა შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
მისი თქმით, იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და მათთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება. „ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული,“ - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.