weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის პატიმრობა შეეფარდა

21:06 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის (206 მუხლი), სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა (318 მუხლი) და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის (315.2 მუხლი) წარუდგინა.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობის ფული აღმოაჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში იყო დაკავებული. მისი ადვოკატის ელჩინ სადიყოვის განცხადებით, მუხთარლი, 29 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში დააკავეს. მას ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]