weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად დევდარიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 8 ქალს უჩივის

19:17 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, სასამართლოს მიმართავს. დევდარიანი 8 ქალს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.

„სასამართლოს ორ დღეში მივმართავთ და იქნებიან მთელი რიგი მოპასუხეები, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა და ვინც ხელი შუწყო მის ტირაჟირებას. შემიძლია დავაანონსო, რომ იქნება ძალიან სკანდალური პროცესი, რადგან მოპასუხეები არ არიან რიგითი პირები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არიან იმ ჯგუფის წევრები, ვინც დაგეგმა საზმაუს ბორდში თავისი კანდიდატურის გაყვანა. არ გამოვრიცხავ მათ შორის ბაია პატარაია და ბორდის მოქმედი წევრებიც იყვნენ. დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, გამოკვეთილია მთელი სურათი იმისთვის, რომ ჩვენ ამ პროცესს წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

ზვიად დევდარიანის საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. დევდარიანის თქმით, იმ ქალებს, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ და სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს, ამგვარი ქმედების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.

„მე არ ვაპირებ „სქრინებისა“ და ფოტოების გავრცელებას. ეს არ არის გზა, რომელიც ავირჩიე. მათ სახალხო დამცველის აპარატში შეიტანეს განცხადებები, რომლებიც საერთოდ არაფერს არ შეიცავს და არის ზუსტად ის, რასაც იმ დღეებში ინტერვიუებში ამბობდნენ.

ანტიდისკრიმინაციული კანონის რამდენიმე მუხლში ცალსახად არის მითითებული, რომ ამ ტიპის სავარაუდო ფაქტი უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მასალებით და მტკიცებულებებით. ის, რაც ჩვენ აქ ვნახეთ, ყოველ შემთხვევაში, ის სამი საჩივარი, რომელიც გადმოგვეცა ორი კვირის წინ, რეალურად არის ჭორაობა ორ გვერდზე. თითოეულ გვერდზე დაახლოებით 15 გვერდიანი პასუხი გავეცი, ანუ ყველა სიტყვას, ყველა წინადადებას და აბზაცს გაეცა ჩემი მხრიდან ამომწურავი პასუხი. ასე რომ, ვფიქრობ, ის ინფორმაცია რაც ჩემი მხრიდან იყო, საკმარისია იმისთვის, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დაადგინოს ზუსტად ის, რომ ამ რეალობაში, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ბევრად უფრო გამართულია ჩემი მსჯელობა“, - აღნიშნა ზვიად დევდარიანმა ჟურნალისტებთან.

დევდარიანი სახალხო დამცველს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მომზადდეს დასკვნა და დასრულდეს გამოძიება.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „სიდას“ დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]