„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული პოლიციელი ცოლის ცემას ინანიებს.
„იაკობ ბლუაშვილმა პატიმრობაში ყოფნის დროს გაანალიზა მომხდარი, სწორად და სამართლიანად შეაფასა ყველაფერი, ინანიებს ჩადენილს და პატიებას ითხოვს. ყველა სახის გამოძიებაც დასრულებულია და ხელს ვეღარაფერს შეუშლის. გარდა ამისა, ბლუაშვილი არის პოლიციის მაიორი და ეს წოდება უბრალოდ არ მოდის, მას არაერთი დამსახურება აქვს“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ადვოკატის განცხადებას.
საქმეზე მორიგი სხდომა 20 ივნისს ჩაინიშნა.
იაკობ ბლუაშვილი და მისი ძმა, გოჩა ბლუაშვილი, რომელიც ასევე პოლიციელია, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა 11 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოჩა ბლუაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ, იაკობ ბლუაშვილმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ქალის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
იაკობ ბლუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გოჩა ბლუაშვილს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.
გოჩა ბლუაშვილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლემ მას ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა.