weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დიმიტრი ქუმსიშვილმა ელისო კილაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

23:52 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, გაზეთის რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

საქმე ეხება „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნებულ მასალას „კორუფცია VS მართლმსაჯულება“ - დათო სარალიძის ექსპერტიზის დასკვნა დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით გაყალბდა".

„არანაირი შეხება არ მაქვს, ვერ მექნება და არც არასდროს მქონია ამ ტრაგედიასთან. რა თქმა უნდა, ეს სიბინძურე, რომელიც ელისო კილაძემ დაწერა, არის უაღრესად დიდი სიბინძურე, რომელსაც არანაირი ზღვარი არ აქვს. აი ფანტაზიის ზღვარი არ აქვს ამ სიბინძურეს, რომელიც ელისო კილაძემ მე დამაბრალა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების ექსპერტიზის დასკვნასთან ვიცე-პრემიერის კავშირს ეხება.

„საგანგაშოა, როდესაც რომელიმე მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიზნობრივად ცრუ და ყალბი ფაქტები მიეწოდება. კარგად მესმის, რომ როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არ შემიძლია გავჩუმდე, როდესაც გავრცელებული ცრუ ინფორმაცია შეეხება უამრავ ადამიანს, ვისთვისაც სიმართლის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყალბი ფაქტებით მანიპულირება დაუშვებელია,“ - აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ჟურნალისტური გაერთიანება დადგება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვის მხარეს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ელისო კილაძის განცხადებით, მინისტრმა ქუმსიშვილმა სტატიაზე კომენტირებისას მას პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა და "არაფერი უთქვამს ფაქტებზე, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, მათ შორის მიმდინარე გამოძიებაზე".

„დავიწყოთ თავიდან: წელიწადნახევრის წინ, მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური ანტიკორუფციული ჯგუფი, რომელშიც მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებთან ერთად, შედიოდნენ ფინანსური პოლიციის გამომძიებლები. ამ ჯგუფმა დაიწყო ქუმსიშვილ-ალავიძის, კვირიკაშვილის კორუფციული სქემების გამოძიება. როცა ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრი გახდა, პირველი რაც გააკეთა, მოხსნა ფინანსური პილიციის უფროსი გიორგი ბადაშვილი. თუმცა, ივანიშვილმა მას ფინანსური პოლიციის უფროსად მისი მეგობარი გიორგი თვაური არ დაანიშნინა. გამოძიება გაგრძელდა ზურაბ ალავიძის გადაყენების მერეც.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სწორედ ქუმსიშვილის დავალებით, გიორგი თვაურმა გააყალბა. ვფიქრობ, საინტერესო იქნება შსს-ში დაწყებული გამოძიება, თუ ამ ფაქტით დაინტერესდება“, - უთხრა „რეგინფოს“ ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მინისტრ ქუმსიშვილის განცხადებას დასაშვებად ცნობს და ეთიკის საბჭო მას განიხილავს, სხდომაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]