weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლო - თამაზ ცაბუტაშვილის გინებაზე რეაგირება მოხდება

11:20 შაბათი, 09 ივნისი 2018
ფოტოზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ფოტოზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა მოსარჩელე გია ფაცურიასა და მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს შორის სოციალურ ქსელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას.

„საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა.

საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ, განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი, კი თავის მხრივ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

„ისე შენი დედას შევე.., რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ“, - ასე მიმართა 28 მაისს, სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა მოსარჩელე გია ფაცურიას, რომელიც „ფეისბუქში“ თავის პირად გვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკრიტიკებდა, მათ შორის თამაზ ცაბუტაშვილს.

ფაცურიას განცხადებით, მისი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისს მიმართა, თამაზ ცაბუტაშვილს აწერია, 10 თვეზე მეტი გავიდა, ვადა დაირღვა და სასამართლოს სარჩელი არ განუხილავს. ფაცურიამ ცაბუტაშვილს კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში „ცოცხალი მკვდრის“ (ალექსი ბახუტოვის) საქმეც გაუხსენა.

თამაზ ცაბუტაშვილმა დაადასტურა, რომ უცენზურო სიტყვების შემცველი კომენტარის ავტორი ნამდვილად ის იყო. „მისი გინება და შეურაცხყოფა არ ნახეთ? თვითონ უნდა მაგინოს? მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია. აქ, წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა. ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ პირველ რიგში არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი. როგორც მომაყენა შეურაცხყოფა, მეც იგივე პასუხი გავეცი“, - უთხრა ცაბუტაშვილმა „გურია ნიუსს“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ მან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი. გია ფაცურიას ინფორმაციით, სასამართლომ ინციდენტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება დაიწყო.

6 ივნისს, თამაზ ცაბუტაშვილი მოქალაქე გია ფაცურიას შეხვდა და უცენზურო სიტყვებით გინების გამო ბოდიში მოუხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]