weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არსებობს ალბათობა, რომ ადამიანმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთოს - შსს

12:16 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ არსებობს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ საქმეში ერთადერთი სამართლებრივად გამყარებული გარემოებაა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

„გამოძიების ფარგლებში კომუნიკაცია შედგა აზერბაიჯანულ მხარესთან, შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი მოქალაქე დააკავეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადატანის გამო. საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით აფგან მუხთარლის შემთხვევაში ზუსტად მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისი თქმით, შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული სქემა და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანში.

„გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს.

პარალელურად, განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს აფგან მუხთარლის მეუღლე, აზერბაიჯენლი ჟურნალისტი და აქტივისტი ლეილა მუსტაფაევა და მუთხარლის ადვოკატი ელჩინ სადიყოვი. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

სამწუხაროდ, მუხთარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, საქმის ამ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებს არასდროს მოუმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, პოლიტიკური შეხედულების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვასთან ან სამშობლოში მათ იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ არც თავად აფგან მუხთარლის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე მიმართვა შესაბამისი უწყებებისადმი, მის პირად უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ან მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, შეგახსნებთ, თბილისში, 29 მაისს გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 30 მაისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. მას ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუხთარლის ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]