weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-ს გუდაურში მომხდარ ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი არ დაუკავებია

11:18 კვირა, 10 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 ივნისს, გუდაურში, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს, ინციდენტში მონაწილე პირები გუშინვე დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, ინციდენტში მონაწილე პირების გიორგი და ვასილ ზაქაიძეების დაკავების შესახებ. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროში განუცხადეს, ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.

დაბა გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა, გუშინ, რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.

საქართველოს პარაპლანისტთა ფედერაციის ხელმძღვანელის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, ჩელიშევი ქართველმა პარაპლანისტებმა საკუთარი ავტომობილიდან იმ დროს გადმოათრიეს, როცა ის გუდაურში ასაფრენი მოედნისკენ მიემართებოდა.

ვიდეომასალა, რომელიც გუშინ მომხდარი ინციდენტის ნაწილს ასახავს, რუსი პარაპლანისტის ავტომობილში დამონტაჟებული კამერით არის გადაღებული. ვიდეოდან ჩანს, რომ რუსი მფრინავი ასაფრენი მოედნისკენ მიდის, წინ სავალი ნაწილი ავტომობილებით გადაკეტილი ხვდება და ოცზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ქართველებმა ის ასაფრენი მოედნისკენ არ გაუშვეს. „გუშინ თქვენმა ხალხმა ჩვენი ადამიანის მოკვლა სცადა. უკვე ყველა საზღვარს გადავიდნენ. აქ, არაადგილობრივები ამის შემდეგ ვეღარ იქნებით იმიტომ, რომ უკვე ჩვენი მოკვლა მოინდომეთ, გესმით? ჩვენიანის კლდიდან გადმოგდება გინდოდათ“, - უთხრა ერთ-ერთმა ქართველმა რუს პარაპლანისტს.

რამდენიმე წამის შემდეგ რუს მფრინავს უცენზურო სიტყვებით აგინებენ, ათამდე მამაკაცი მუშტებით და წიხლებით მას თავსა და მუცელში ურტყამს. რამდენიმე თვითმხილველი თავდამსხმელებს მიმართავს: „კარგი, ეყოფა, მოკვდება“ – „მოკვდეს ამის დედაც“, - ისმის თავდამსხმელების ხმა ვიდეოში.

დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ერთ-ერთმა პირმა რუსი მფრინავი მანქანაში ჩასვა. რამდენიმე წამის მერე, ჩელიშევი მანქანას ქოქავს და წინ წასვლას, სავარაუდოდ, ინციდენტის ადგილის დატოვებას ცდილობს. ავტომობილი ადგილიდან სწრაფად წყდება და მალევე ყოვნდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩელიშევი მათთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან მის მანქანას ქვებს. ქვების სროლა მას შემდეგაც გრძელდება, რაც რუსი პარაპლანისტი თავდამსხმელებს სცდება და სხვა მიმართულებით მიდის.

ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით, „მთის ამბებმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ 8 ივნისს, გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის ნამდვილად მოხდა ინციდენტი. გუდაურელების ცნობით, ფრენის შემდეგ, დაშვებისას რუსმა პარაპლანისტმა ქართველ მფრინავს პრობლემა შეუქმნა, ისე რომ ქართველი პარაპლანისტი ხევში იჩეხებოდა, ადგილზე მყოფ ქართველებს დახმარება რომ არ აღმოეჩინათ.

ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა გუშინვე გაავრცელა რუსულმა ტელეკომპანია „ენტევემ“ – „წადით სახლში - 30-მდე ადამიანმა საქართველოს კურორტზე რუსი სცემეს“.

ფიოდორ ჩელიშევი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე არ მომხდარა და ბიზნესს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]