weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ჭიათურაში პოლიციის უფროსის მოხსნის მოთხოვნით სამმა ახალგაზრდამ პირი ამოიკერა

00:36 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

ჭიათურაში, პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სამი ახალგაზრდა 10 დღეა ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში შიმშილობს. დღეს მათ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს.

ახალგაზრდები პოლიციის ხელმძღვანელებს პროვოკაციების მოწყობაში, მოქალაქეების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პოლიციამ 26 მაისს მათი მეგობარი უკანონოდ დააკავა.

„მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ახალგაზრდების მისამართით დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას“, - აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავით ჭუმბურიძე ავრცელებს.

მოშიმშილეების თქმით, 26 მაისს, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღებულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და პროვოკაცია მოაწყეს.

„პოლიციელებმა ერთ-ერთ ახალგაზრდას ყელზე ავტომატი მიადეს და ბილწსიტყვაობდნენ, რასაც სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და მათ შორის დაძაბულობა მოჰყვა, რის შედეგადაც პოლიციელებმა 9 ადამიანი დააკავეს. პოლიციის შენობაში დაკავებულები ცემეს, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, აქედან ერთ-ერთმა ტვინის შერყევა მიიღო და დღემდე მკურნალობს“.

ცხრა დაკავებულიდან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედება და 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოვითხოვთ გადაკვალიფიცირდეს მუხლი და სხვა 8 დაკავებულის მსგავსად ისიც ადმინისტრაციული წესით გასამართლდეს“, - აღნიშნულია პეტიციაში.

ახალგაზრდებმა ლაშა ჩხიტუნიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 27 მაისსაც გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 8 მამაკაცი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. კიდევ ერთი მამაკაცი კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის დაკავებული და ბრალად ედება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]