weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

AI ახალ მთავრობას სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეების სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს

11:13 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) განცხადებით, საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის და 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს.

ორგანიზაციის განცხადებით, დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახებს და მათ ადვოკატებს მიმდინარე გამოძიების შესახებ დროული და მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა მიეწოდოს, ხოლო გამოძიების შედეგი საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს.

„ორი მოზარდის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიება პირველი შემთხვევა არ არის, რომელმაც საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ფართო შეშფოთება გამოიწვია.

თბილისში ბოლო დემონსტრაციების კიდევ ერთი მთავარი მონაწილე მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა.

ოფიციალური ანგარიშის თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, როდესაც ის უსაფრთხოების ძალების წევრების მისამართით ყუმბარის სროლას ცდილობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ამ დროს საწოლზე იწვა და მობილური ტელეფონი ეკავა და არა ყუმბარა. იგი უარყოფს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან ჰქონდა კავშირი. საქართველოს ხელისუფლებამ მისი მკვლელობის გამოძიება ნელა და იძულებით, თუმცა საბოლოოდ მაინც დაიწყო. ამ დროისთვის გამოძიების რამე ხელშესახები შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას ეხება.

საერთაშორისო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში რეფორმა საქართველოს ახალი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. რეფორმა მათ შორის გულისხმობს პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]