სასამართლოში ნუგზარ ქავთარაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. როგორც ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა განაცხადა, განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ნუგზარ ქავთარაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არსებითად ემყარებოდა პოლიციის ოთხი თანამშრომლის ჩვენებას და საქმეში ამ ჩვენებების გარდა არ არსებობდა სხვა მტკიცებულებები. პოლიციის თანამშრომლები განიხილებიან დაინტერესებულ პირებად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით და მხოლოდ და მხოლოდ ამ ოთხ ჩვებნებაზე განაჩენის დაყრდნობა ბუნებრივია არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ნუგზარ ქავთარაშვილი 2016 წლის 2 აგვისტოს, თბილისში, აჭარის ა/რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, „AK-74“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 36 ვაზნა.
ნუგზარ ქავთარაშვილის დაკავება ახლობლებმა პანკისის ხეობაში აქციით გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
„ოჯახის წევრებთან ერთად მივდიოდით თბილისში. მთელი გზა უკან მოგვყვებოდნენ. თბილისში რომ ჩამოვედით, სახლში ვივახშმეთ. რამდენიმე წუთში მას დაურეკეს და გავიდა. შუქნიშანს არ იყო გაცდენილი, რომ 50-მდე შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს და დააკავეს. სხვა მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს. მას თან იარაღი არ ჰქონია, ჩაუდეს. ჩვენ ხომ მასთან ერთად ვიყავით, რატომ არ დაგვკითხეს? ან სახლი რატომ არ გაჩხრიკეს, იქნებ სახლშიც ჰქონდა იარაღი“,- აცხადებდა ნუგზარ ქავთარაშვილის და, ნონა ქავთარაშვილი.