weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საია ოზურგეთის საკრებულოში ბესო ქათამაძის ცემის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

15:22 პარასკევი, 22 ივნისი 2018

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეეცვალოს და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირდეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის გამოხატვის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ქათამაძის განცხადებით, 15 ივნისს, „ქართული ოცნებიდან“ ამავე საკრებულოს რამდენიმე წევრმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების მიზეზი გახდა მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებები ოზურგეთის საკრებულოს წევრების მიმართ.

დაზარალებული აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ის საკრებულოს შენობაში დაიბარეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავი გაუტეხეს.

ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სავარაუდოდ, ხარვეზებით მიმდინარეობს.

„სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ერთი პირის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა დიდი ალბათობით, რამდენიმე პირმა მიაყენა. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქათამაძის მიმართ განხორციელებული ქმედება დიდი ალბათობით, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ, − ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს საია-ში, რომელიც დაზარალებულ ბესო ქათამაძის ინტერესებს იცავს.

საია მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი კვალიფიკაციით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]