weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ფარული ექსტრადირების“ პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

17:25 პარასკევი, 02 ივნისი 2017
„ფარული ექსტრადირების“ პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ფოტო © Reuters

32 წლის მიკაილ კადიევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2012 წლის 13 დეკემბერს ბათუმიდან გაიტაცეს. მოსკოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი იმით გადარჩა, რომ გაქცევა მოახერხა. გაქცევა ვერ შეძლო 24 წლის მაგომედ მაგომედოვმა. ის თბილისიდან 2013 წლის 19 აპრილს გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა 10 თვის შემდეგ შეიტყვეს, რომ მაგომედოვი რუსეთის ციხეში იყო. 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს მას ბაქოში მიაკვლიეს. ის დაპატიმრებულია.

 

მიკაილ კადიევის და მაგომედ მაგომედოვის საქმეები

მიკაილ კადიევი საქართველოში კანონიერად იმყოფებოდა. მისი მოტაცების შესახებ ინფორმაცია წარმოშობით დაღესტნელმა მაგომედ მაგომედოვმა 2012 წლის 16 დეკემბერს მომაწოდა, როცა მას გლდანის N8 საპყრობილეში შევხვდი. მაშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი ვიყავი. მაგომედოვის თქმით, ის და კადიევი, 2012 წლის 13 დეკემბერს, ბათუმიდან ერთდროულად გაიტაცეს.

მაგომედოვი 2012 წლის მაისში, საქართველოში დაღესტნიდან, ლაფანყურის მონაკვეთის გავლით, უკანონოდ იყო შემოსული. რამდენიმე თვის განმავლობაში პანკისის ხეობის სოფელ დუისში, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლის ემზარ მაჩალიკაშვილის ნათესავის სახლში ცხოვრობდა.

საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით ის მხოლოდ 2012 წლის 13 დეკემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მისთვის წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, კადიევის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია კი უცნობი იყო.

17 დეკემბერს, მიკაილ კადიევის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე და ინფორმაცია გამოვითხოვე.

შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ წერილობით გვაცნობა: 2012 წლის 13 დეკემბერს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ქალაქ ბათუმში მიკაილ კადიევის მიმართ პროცესუალური საგამოძიებო მოქმედება დაკავება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არც დაკავების ოქმი იქნა შედგენილი“.

2012 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურორის დადგენილების თანახმად, მაგომედ მაგომედოვს ამნისტია შეეხო. 2013 წლის 14 იანვარს მაგომედოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მაგომედოვმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა.

 

მაგომედოვის გაუჩინარება

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მასთან, საქართველოში, მისი მეუღლე ქალიმან ბაგდანი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ისინი თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ქირით ცხოვრობდნენ.

2013 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 12:40 საათზე მაგომედ მაგომედოვი კაკაბაძის ქუჩიდან გაუჩინარდა. მისთვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა.

მაგომედოვის მეუღლემ, ქალიმან ბაგდანმა საინფორმაციო ცენტრების ქსელს უთხრა, რომ 19 აპრილს, 12:40 საათზე მაგომედი სახლიდან გავიდა, მეგობრებთან ერთად, სალოცავად, მეჩეთში უნდა წასულიყო. ის გზიდან დაიკარგა.

„მაგამედს გურამიშვილის გამზირზე ველოდებოდით, სადაც ის კაკაბაძის ქუჩიდან უნდა ჩამოსულიყო. შეთანხმებულები ვიყავით, რომ 13:00 საათისთვის ჩვენთან იქნებოდა და სალოცავად წავიდოდით. დათქმულ დროს რომ არ გამოჩნდა, ტელეფონით დარეკვა ვცადეთ, მაგრამ გამორთული ჰქონდა. მერე სახლში მივედი. მეუღლემ გვითხრა, რომ გავიდა. გურამიშვილის გამზირზე ის არ გამოსულა. ვიდრე ცენტრალურ გზაზე გამოვიდოდა, მანამდე გაუჩინარდა“, – აღნიშნავს საიდ ახვერდიევი, მაგომედოვის მეგობარი.

20 აპრილს, მაგომედოვის დაკარგვის შესახებ მეგობრებმა გლდანი – ნაძალადევის პოლიციაში განაცხადეს. პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

„გამომძიებელმა პირად საუბარში მითხრა, რომ შეამოწმეს და მისი მობილური ტელეფონიდან, 19 აპრილს, პარასკევს, ღამის 12:00 საათზე ზარი ნახალოვკაში დაფიქსირდა, შაბათს, გამთენიისას, 04:30 საათზე კი ანაკლიაში, აფხაზეთის საზღვართან“, – ამბობს მირზა მიქატაძე.

გაუჩინარებიდან 10 თვის შემდეგ მაგომედოვის ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რომ ის რუსეთში, ქალაქ სტავროპოლში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე–6 განყოფილებაში იყო მოთავსებული. ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრების ქსელს მისმა დამ ხადიჯა მაგომედოვამ, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადა.

 

მიკაილ კადიევი – გამიტაცეს იმიტომ, რომ ჩემი ფარულად გადაცემა უნდოდათ

მიკაილ კადიევი 2013 წლის 13 ივნისს გამოჩნდა. ნათესავთან ერთად ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N50–18–ში მდებარე ბინაში. შსს–ს განცხადებით, მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

„დღეს, გამთენიისას, თბილისში დაკავებულ იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. გვსურს, დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით“, – ნათქვამი იყო შსს–ს განცხადებაში.

არადა, საქართველოში კადიევის შემოსვლისა და გასვლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, კადიევი საქართველოში 2011 წლის 7 იანვარს შემოვიდა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით და მას შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია.

ტერორიზმთან დაკავშირებული განცხადებების მიუხედავად, პროკურატურამ კადიევსა და ომაროვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს.

კადიევი ირწმუნებოდა, რომ იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, ნაქირავებ ბინაში, დაკავების დროს, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუდეს. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო და კადიევს და ომაროვს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიკაილ კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას 2–ჯერ მიმართა.

„რუსეთის პროკურატურა ითხოვს ჩემს გადაცემას იმ დანაშაულის ბრალდებით, რომელიც მე არ ჩამიდენია. მე მდევნიან დაღესტანში სამოქალაქო აქტიურობის გამო, რასაც იქ მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

„ბათუმში იმიტომ გამიტაცეს, რომ რუსეთისთვის ჩემი ფარულად გადაცემა უნდოდათ. ბათუმიდან თბილისში როცა გადმოვყავდი, იმ მიზეზით, რომ ტუალეტი მინდოდა, მანქანა გავაჩერებინე. ისინი შეაიარაღებულები იყვნენ. ტუალეტში გასვლისას გაქცევა მოვახერხე. მათ ფეხში დამჭრეს, მაგრამ მიმალვა შევძელი. იმის მიუხედავად, რომ რეალურად ბათუმში დამაკავეს, მერე აღმოჩნდა, რომ ოქმიც კი არ შეუდგენიათ ჩემი დაკავების შესახებ. ფარულად გადაცემა უნდოდათ და იტყოდნენ, რომ დავიკარგე“, – ამბობს მიკაილ კადიევი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დარახველიძის მინისტრობის პერიოდში, მიკაილ კადიევს უარი უთხრა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. სამინისტროს დასკვნაში აღნიშნულია:

„თქვენ მიერ გამოთქმულ შიშს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში სპეცსამსახურების თანამშრომლები მოგკლავენ, ჩვენს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან თქვენი საკითხი  განიხილება ექსტრადიციის კუთხით და სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში გემუქრებათ პატიმრობა.

რაც შეეხება რუსეთის ციხეებში არსებულ პირობებს, ადგილი აქვს წამებასა და ადამიანის ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ აღნიშნული არ იძლევა მტკიცების საფუძველს, რომ ეს მეთოდები გამოყენებული იქნება კონკრეტულად თქვენს წინააღმდეგ. ამას ამყარებს 2013 წლის 16 ივლისით დათარიღებული, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის გ. ბ. ლოპატინის დიპლომატიური გარანტია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ თქვენ გექნებათ დაცვის გამოყენების უფლება და არ დაექვემდებარებით წამებას, არაადამიანურ და ადამიანის ღირსების შემლახველ  მოპყრობას“.

კადიევმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, სააპელაციო სასამართლომ კი გააუქმა. კადიევმა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდშიც მიმართა, ისევ უარი ეთქვა და დავა სასამართლოში გრძელდება.

 

აფგან მუხთარლის გატაცება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. ის თბილისიდან მუშაობდა ბერლინში დაფუძნებული Meydan TV-სა და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ (IWPR). მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლოს მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

აფგან მუხთარლი თბილისში, ჭონქაძის ქუჩიდან 29 მაისს გაუჩინარდა. „რვის წუთები იქნებოდა, კოლმეურნეობაზე კაფე „ლოქალ თეისთში“ ვიჯექით. აფგანმა თავის ცოლს დაურეკა და ჰკითხა, სახლში მოვდივარ და რამე ხომ არ წამოვიყოლოო. ცოლმა უთხრა, პური წამოიღეო. ამ ზარის შემდეგ, ავდექით და გარეთ გამოვედით. მე იქვე გაჩერებასთან დავდექი, აფგანი ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო. ჩემი მარშრუტკა მალე მოვიდა და წავედი. მას შემდეგ აფგანი არავის უნახავს და სახლშიც არ დაბრუნებულა“ – ყვება მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი „ჯემნიუსთან“ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, „აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს, როცა აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკის დროს დიდი მას 10 ათასი დოლარი აღმოუჩინეს.

აფგან მუხთარლის ადვოკატმა ელჩინ სადიყოვმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მუხთარლი ორშაბათს, საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. კლიენტზე დაყრდნობით ადვოკატი ამბობს, რომ დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

ადვოკატის თქმით, მის კლიენტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

ადვოკატის განცხადებით, მუხთარლი მას მოუყვა, რომ 10 ათასი ევრო ჩაუდეს და აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

31 მაისს, ბაქოს სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედება.

31 მაისს საქართველოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს–ს ინფორმაციით, წინასწარი ცნობით, აფნაგ მუხთარლიმ საზღვარი ოფიციალური სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. „მწვანე ზოლის“ გავლით გადაკვეთა.

მუხთარლის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ მუხთარლი ჭონქაძის ქუჩიდან „ოპელის“ მარკის ავტომობილით გაიტაცეს.

1–ელ ივნისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება მისთვის მიუღებელია.

„არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]