weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

EMC ითხოვს, მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ოჯახს და ადვოკატებს დაუყოვნებლივ გააცნონ

23:53 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაიცვან კანონის უზენაესობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპები, შეწყვიტონ სამართლებრივი დაცვისა და პროცესის მიღმა, თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი დისკრედიტაციის მცდელობა.

EMC გამოეხმაურა 25 ივნისს სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას თემირლან მაჩლიკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემების შესაძლო შესწავლის შესახებ.

ორგანიზაციის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მუდმივად ითხოვენ პროკურატურისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული საქმის მასალების გაცნობას. ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გაჩენილი კითხვებისა და ეჭვების გადაწყვეტას. საქმის მასალაზე დაშვების დაპირება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა მთავარი პროკურორისგან მიიღო კიდეც. თუმცა, ამ დრომდე პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოჯახისთვის საქმის მასალების გაცნობის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ამის საწინააღმდეგოდ, პერიოდულად ხდება თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებული ფრაგმენტული ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფოს ოფიციალური ან მედია საშუალებების არხებით ისე, რომ ოჯახის ადვოკატებს არსებულ მასალებზე რაიმე წვდომა და მათი რელევანტურობისა და ვალიდურობის კრიტიკული შეფასების და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა არ გვაქვს. მათ შორის,

„იმედის“ ეთერით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ექსკლუზიურად სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და მასზე წვდომა არცერთი პროცედურის ფარგლებში არცერთ მესამე პირს არ აქვს, აჩენს კითხებს ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან და მიზნებთან დაკავშირებით.

თვეების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები ღიად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტურ პრინციპს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და სხვადასხვა საინფორმაციო ტაქტიკების გამოყენებით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ღირებულების დაკნინებას ცდილობენ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბისა და მისი მძიმე სოციალური ეფექტის გათვალისწინებით, სუს-ის პასუხისმგებლობასთან კითხვები საზოგადოებისთვის კრიტიკულად დგას და ის ლეგიტიმური რჩება ყველა შემთხვევაში.

ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია შეწყვიტა თუ არა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებული გამოძიება და რა სამართლებრივი წესით ხდება თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

ამ დრომდე თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით გავრცელებული ფრაგმენტული ინფორმაციის რელევანტურობის და დამაჯერებლობის საკითხი ასევე ბუნდოვანია. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოძიების საწყის ეტაპზევე, მათ შორის, პროკურატურაში მიცემულ ჩვენებებში უთითებდნენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათი კარის მეზობლისა და ოჯახის მეგობრის ნაქირავებ სახლში, თბილისში 2017 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა და აღნიშნულ სახლში ასევე ცხოვრობდნენ მათთვის სხვა სახელებით ცნობილი რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი პირები, რომლებიც, როგორც შემდგომში გაირკვა, ახმედ ჩატაევთან დაკავშირებული პირები აღმოჩნდნენ. დაკავებულ პირებთან თემირლანის პირადი კომუნიკაციის მიღმა, რომელიც მისი ოჯახის წევრებმა გამოძიების წინაშე საწყის ეტაპზევე დააფიქსირეს, დასტურდება თუ არა მისი დანაშაულებრივი კავშირი ამ პირებთან, რაც წინასწარი შეცნობით ტერორისტული ორგანიზაციის ან პირის დახმარებაში გამოიხატა, სრულყოფილი გამოძიების და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლის ქვეშ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული საქმის მასალების გაცნობა და თავი შეიკავონ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]