weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არაადამიანური მოპყრობისთვის ზუგდიდის ციხის ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ ცნეს

09:23 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

ფოთის საქალაქო სასამართლომ 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, ამავე დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების - ი.ჭ-ს, თ.გ-ს, ლ.კ-ს და გ.გ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

„ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას  ძალადობრივი მეთოდებით  უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.  პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე.

სასამართლო განხილვისას დაიკითხა 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.

 ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი.ჭ., თ.გ., ლ.კ., და გ.გ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და სასჯელის სახედ და  ზომად განესაზღვრათ თითოეულს 4  წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცრდათ ერთი მეოთხედით და საბოლოოდ თითოეულს განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება“, - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]