weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუშეთის რაიონის სოფელ ძველი ბურღულიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს

12:50 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა დუშეთის რაიონის სოფელ ძველი ბურღულიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს. ერთ–ერთი მათგანი მე–12 კლასის მოსწავლეა.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ზურა ბუკურიშვილმა განუცხადა, ნუკრი თვაური, აკაკი პაპუაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი ამ დროისთვის ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ბუკურიშვილის ინფორმაციით, დაკავებულები 4 ივნისს, სოფლის სიახლოვეს სალოცავში იყვნენ წასული, რა დროსაც შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

„ოთხივე მათგანი სულთმოფენობის დღესასწაულზე სოფლის თავში მდებარე „მთის ჯვარის“ სალოცავში იმყოფებოდა. ეს სალოცავი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, მაგრამ ეს დღესასწაული იყო ერთადერთი დღე, როცა იქ ასულ ადგილობრივებს უშვებდნენ. ამათაც იცოდნენ ეს და ამიტომ ავიდნენ. ერთ-ერთი გატაცებული ნუკრი თვაური მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ოთხივე პირველად არიან დაკავებული და სავარაუდოდ, 100 ლარის ოდენობით ჯარიმას დააკისრებენ“,- უთხრა „რეგინფოს“ ზურა ბუკურიშვილმა.

სოფელი ძველი ბურღული დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის თემში მდებარეობს.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის.  

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]