weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ ქისტაურის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე აძინებენ – სახალხო დამცველი

17:10 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშნის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. 

მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები.

ააიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საბავშვო ბაგა-ბაღს საკუთარი შენობა არ აქვს და განთავსებულია სოფლის რწმუნებულისთვის განკუთვნილი შენობის მეორე სართულზე. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ორი სააღმზრდელო ჯგუფი 67 ბავშვის შემადგენლობით. ბავშვებისათვის განკუთვნილ ოთახებში საკმარისი სივრცის არარსებობის გამო, საძინებელში მხოლოდ 8 საწოლი დგას, სადაც მხოლოდ 16 ბავშვი იძინებს, დანარჩენ ბავშვებს კი დაძინება იატაკსა და სკამებზე უხდებათ.

ბაღებში მოსაწესრიგებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ. ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა; 

ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები.

საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას. მაგალითად ზემო ხოდაშნის საბავშვო ბაღში 50 ბავშვს 1 მზარეული ემსახურება, რომელიც პარალელურად ჭურჭელსაც რეცხავს, რადგან საბავშვო ბაღს მრეცხავის შტატი არ აქვს. ბაღის თანამშრომლების განმარტებით, სამზარეულოში ფართის სიმცირის გამო, ორი ადამიანის ყოფნა ერთდროულად შეუძლებელია.

არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას; ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობის და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები.

სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს საბავშვო ბაგა–ბაღების კეთილმოწყობის მიზნით დროული და კომპლექსური ღონისძიებების გატარების რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, გადაუდებლად განხორციელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემოს კეთილმოწყობა და მოწესრიგება, სათანადო ინვენტარით აღჭურვა და ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]