weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

HRW ხელისუფლებას მცირე ოდენობით ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს

00:06 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ყველა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ორგანიზაცია ანგარიშში „სამაგალითო დასჯა - საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის გარკვეული ლიბერალიზაცია მოახდინა, თუმცა არსებული პოლიტიკა მაინც ზედმეტად მკაცრია. ანგარიშის მიხედვით,

არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებასთან ბრძოლაში ხელისუფლება აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და უზარმაზარი ჯარიმებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და პირადი მოხმარების მიზნით შეიძინეს მცირე ოდენობით ნარკოტიკი.

„მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ან მოხმარების პირველადი ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე ოდენობებს ნარკოტიკული საშუალებების თითქმის სამი მეოთხედისთვის. მათ შორისაა საქართველოში გავრცელებული ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ამფეტამინი, მეთამფეტამინი და დეზომორფინი. ამ ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი, ავტომატურად ითვლება დიდ ოდენობად და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ნივთიერებების 1 გრამზე მეტი ოდენობით შენახვა კი „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია“, რასაც შედეგად, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოყვეს.

ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობას ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა (7-დან 15 წლამდე პატიმრობა) ან გაუპატიურება (6-დან 8 წლამდე)“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია იძულებითი ნარკოტესტირების ჩასატარებლად პოლიციის მიერ ადამიანის თვითნებურად დაკავებაზე. ანგარიშის მიხედვით, ყოველ წელს ათასობით ასეთი ფაქტი ფიქსირდება. პოლიციას გააჩნია ფართო უფლებამოსილება გააჩეროს ადამიანები ქუჩაში და იძულებით გადაიყვანოს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ხოლო ტესტირებაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია, პირი 12 საათით ჰყავდეს დაკავებული საექსპერტო დაწესებულებაში.

„ნარკოდანაშაულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი თითქმის 100%-ს აღწევს. ნარკოდანაშაულში ბრალდებულისთვის ხანგრძლივი პატიმრობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. ამ საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კი ხშირად არა მარტო პატიმრობა, არამედ ძალიან დიდი ჯარიმები მოყვება შედეგად, რამაც შეიძლება უმძიმესი ფინანსური გავლენა იქონიოს მსჯავრდებულსა და მის ოჯახზე.

ნარკოდანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას და სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების შეზღუდვას. უფლებების შეზღუდვების ხანგრძლივობა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 3-დან 20 წლამდე შეიძლება გრძელდებოდეს. ასეთი შეზღუდვები ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის გარეშე ტოვებს და ხელს უწყობს ნარკომომხმარებლების მეტ სტიგმატიზებას და იზოლირებას“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მონაცემის თანახმად, პრობლემური, ანუ მაღალი რისკის შემცველი ნარკომოხმარების ფაქტებმა იმატა და ასეთი ადამიანების რაოდენობა 2009 წლიდან 2017 წლამდე 40 000-დან 52 500-მდე გაიზარდა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 წლის ივლისის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააუქმა ყველა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის. თუმცა, სასამართლოს არ უმსჯელია მარიხუანას შეძენა-შენახვაზე, რაც კვლავ სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება.

ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არღვევს ადამიანის ავტონომიურობის პატივისცემის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ასევე ეწინააღმდეგება სასჯელის პროპორციულობის პრინციპს.

Human Rights Watch პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც მოხდება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაცია.

„ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს მოხმარებასა და ფლობაზე ყველა სისხლის სამართლებრივი სასჯელის გაუქმებას.

ეს არ არის მოწოდება ლეგალიზაციისკენ, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს, რისთვისაც სანქციის სახით შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ჯარიმა“, - აღნიშნულია ანგარიში.

Human Rights Watch -ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანმდევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

ანგარიში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს, რომლებიც 2016 წლის მაისიდან 2018 წლის ივნისამდე ჩატარდა. ინტერვიუებში მონაწილეობდნენ ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანები, მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები, ასევე, სოციალური მუშაკები, სათემო ორგანიზაციების ლიდერები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]