სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. სახალხო დამცველის განცხადებით, შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.
„საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის“, - აღნიშნულია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში.
„საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვების ინფორმირება ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას;
გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ;
სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
16 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 22 წლის მამაკაცია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა გოგონა Facebook-ის საშუალებით გაიცნო და გარკვეული დროის განმავლობაში მასთან მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული გოგონას აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც გოგონამ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა მისი დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც არასრულწლოვანმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.