weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანა

12:44 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა. საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივ შევიწროებას, დაკავებებს, თავდასხმებსა და მკვლელობებს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს. საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის.

„განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). ამასთან, ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის. სხვებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. საჩივარში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი პროცედურული ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა პასუხისმგებელი პირები და აქტიურად ხდება საერთაშორისო, მათ შორის, ინტერპოლის, მექანიზმის გამოყენება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა ჰქონდა რუსეთთან. მათ შორის, პირველ დავა, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დასკვნით სხდომაზე წარდგა. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]