ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და წინასწარი განწყობებია.
„ამას ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში.
„სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.