როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა განაცხადა, დაკავების დროს გიორგი ჭელიძე მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა.
„როდესაც პოლიცია მივიდა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა ვერ მოახერხა“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ჭელიძის გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცებულებების განადგურების გარდა, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც.
გიორგი ჭელიძე ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ბრალდებულის თქმით, მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა.
„ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმების მცდელობაა. ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ-ი არ ამოვიდა, 10 ვაზნიდან არცერთზე. არც ერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს, დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემზე სროლაც განხორციელებულიყო.
ჩემი ერთადერთი დანაშაული ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარულია და ამის გამო მტანჯავენ.
ლავრენტი ბერია რომ დააბრუნოთ და განათებული მანქანის ფონზე დამხვრიტოთ, ვერ გამაჩერებთ“, - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჭელიძე 31 აგვისტოს დააკავა. სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობენ იარაღის სროლაში მოძრაობის წევრები.
„ფაშისტური კვირადღე. ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას. „შავპერანგიანები“ ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში“, - აღნიშნული იყო ვიდეოს აღწერილობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი ჭელიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჭელიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.