სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, გიორგი ჭელიძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ასევე 7.62 მმ კალიბრის სანადირო დანიშნულების კარაბინების დიდ ჯგუფში, ჭელიძე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, პატიმრობა გამოიყენა.
„გიორგი ჭელიძეს ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობის გამოყენების პირობებშია შესაძლებელი აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ჭელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდობა 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ თემაზე:
ჩემი ერთადერთი დანაშაული ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარულია – გიორგი ჭელიძე