weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურამ აფგან მუხთარლი დაზარალებულად არ ცნო

13:29 პარასკევი, 09 ივნისი 2017
პროკურატურამ აფგან მუხთარლი დაზარალებულად არ ცნო ფოტო © Reuters

ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ თბილისიდან გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის და მის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ოჯახის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, რაიონულმა პროკურატურამ მათ მიმართვას კანონით დადგენილ 48-საათიან ვადაში არ უპასუხა. ადვოკატმა იგივე მოთხოვნით დღეს თბილისის პროკურატურას მიმართა.

„პირველივე დღიდან ჩვენ ვითხოვთ, რომ ლეილა მუსტაფაევას და აფგან მუხთარლის მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან აფგანის მიმართ ჩადენილია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ხოლო ლეილას მიმართ ეს პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს იმიტომ, რომ აღნიშნული დანაშაული, სავარაუდოდ, მის დაშინებასაც ისახავდა მიზნად. როდესაც არის მოწმეთა ჩვენებები, როდესაც არის ფაქტი, რომ ადამიანი გაუჩინარდა და დღესაც იმყოფება აზერბაიჯანში, რომელსაც არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, ადვოკატთან შეხვედრის პრობლემებიც კი ჰქონდა, წარმოუდგენელია, კიდევ რა მტკიცებულება უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ დაზარალებულად ცნონ ეს ადამიანი,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აფგან მუხთარლის ადვოკატმა 5 ივნისს პროკურატურას მიმართა, რომ საქმე ამ უწყებამ გამოძიოს, თუმცა, როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, მათ არც ამ საკითხზე მიუღიათ პასუხი.

„ჩვენ უკვე არაერთხელ მოვითხოვეთ, მათ შორის მთავარ პროკურორსაც მოვთხოვეთ, რომ საქმე დაიქვემდებაროს და გამოიძიოს პროკურატურამ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ვინაიდან, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება მოხდა აზერბაიჯანის და საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობის ფარგლებში. თვითონ დანაშაულის ჩადენის მეთოდიკაც, რომ აფგანი ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ისე გადაკვეთეს, რომ გამტაცებლებს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალური საქმე არ იყო“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

აფგან მუხთარლის საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს.

29 მაისს, თბილისდან გატაცებული აფგან მუხთარლი ბაქოში, წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. მისი აზერბაიჯანელი ადვოკატის ელჩის სადიყოვის განცხადებით, მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას მისი გატაცების გამოძიებას, თბილისის ქუჩებსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას სთხოვს. აფგან მუხთარლის მიაჩნია, რომ ამ მასალების გამოქვეყნებით დადასტურდება, რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის საქმეზე სრული, გამჭირვალე და დროული გამოძიების ჩატარებისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]