weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკოტიკი ჩამიდეს და მაიძულებდნენ მეღიარებინა, რომ ჩემი იყო - Young MIC

17:21 პარასკევი, 09 ივნისი 2017

რეპერი მიშკა მგალობლიშვილი, იგივე Young MIC, აცხადებს, რომ პოლიციამ ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ მუსიკალური ვიდეოს გამო დააკავა, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. როგორც რეპერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სამართალდამცავებმა მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შემდეგ კი აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა.

სასამართლოზე მიშკა მგალობლიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას გამოცემა „ლიბერალი“ სრულად აქვეყნებს.

„მე ვარ რეპერი, იანგ მაიკი. იანგ მაიკი არ არის პერსონაჟი, რომელსაც რამე შემხებლობა აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. რეპი არის მუსიკალური მიმდინარეობა, ჩვენთვის საინტერესო გამოხატვის ეს ფორმა მე მოვიფიქრე, აქტუალურ თემაზე ჯგუფი „ბირჟა მაფია“. ერთია ჯგუფის პერსონაჟი იანგ მაიკი და მეორე მისი შემსრულებელი.

ჩვენ ვმღერით კომედიურ ჟანრში, ქუჩურ პრობლემებზე. გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია. ამის სრული უფლება მაქვს და მიმაჩნდა, რომ ეს იყო შარჟი. დიდხანს ქუჩის ბიჭების შარჟს ვაკეთებდი და მათი მხრიდან არ მოჰყოლია აგრესია. დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება. ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო. არანაირი შეხება არ მაქვს პოლიციასთან.

მეორე დღეს, 7 ივნისს წავედი „მაესტროში“, სამსახურში, გადაცემის პროდიუსერი ვარ. ზურაბ ნაყეურსაც ვესაუბრე, შემდეგ გადავედი „იმედში“, მეგობართან. ვსაუბრობდით. მერე დავემშვიდობე. ვაპირებდი რეპში შეჯიბრისთვის მომზადებას.

როცა გამოვდიოდი „იმედიდან“, ჩემი მიმართულებით მოდიოდა ორი ანერვიულებული, საშუალო ასაკის მამაკაცი. მკითხეს ვინაობა, ვუპასუხე და მაშინვე დამიწყეს ხელების გადაგრეხვა და ჩამაგდეს მანქანაში. მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ მითხრეს, რომ მოვიდოდა დეტექტივი. მოვიდა, ჩაჯდა წინ, შემაგინა, თავშიც ჩამარტყა. მერე თქვა, რომ გავეჩხრიკე.

დაიწყეს ჩემი ჩხრეკა. ტელეფონი წამართვეს, ამომიღეს საფულე, სადაც მედო 60 თუ 40 ლარი, ბანკის ბარათი და ჩიპი, უკან მედო ხელშეკრულება, ამოიღეს და ამოაყოლეს რაღაც ქაღალდი, დაკუჭული. გახსნეს და იქ რაღაც ფერადი შეფერილობის აბები იყო. ვუთხარი, რომ ჩემი არ იყო. გადამიყვანეს „კაპეზეში“. მითხრეს, რომ რაც ჩაიდინე, ამისთვის 200-ლარიანი ჯარიმა გეკისრება, მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანეო.

გადამიყვანეს რაღაც ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ „აი, ვისაც არ უყვარს პოლიციელი...“ არ მალავდნენ რომ ამ კლიპზე იყო საუბარი. მკითხეს, შენ ხარ ავტორიო და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ, რომ მეღიარებინა. მეთქვა რომ ნარკოტიკი ჩემი იყო და მოსახმარებლად მინდოდა“, - აღნიშნა მიშკა მგალობლიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 წლის მიშკა მგალობლიშვილი და 20 წლის გიორგი ქებურია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

„სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გიორგი ქებურია დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]