ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს: „მოსამართლემ შავზე თეთრი თქვა. ჩემი დაკავების დროს ოქმი არ შედგენილა და გაყალბებული დოკუმენტი უდევთ. კითხვაზე, რატომ არ არის გადაღებული სამხრე კამერით ის ეპიზოდი, როდესაც ოქმს ადგენდნენ, პასუხია, თითქოს პოლიციელი სველ წერტილში შევიდა და მაშინ გამორთო კამერა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძე, რომელიც დამნაშავე მურუსიძის მეგობარია, ბედავს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც ჭეშმარიტებასთან საერთოდ შორს არის“.
სასამართლო სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი ალეკო ნაჭყებია ესწრებოდა. დაიკითხა სამი მოწმე, რომელიც 11 ივნისს გამართულ აქციაზე მელიას დაკავებაში იღებდა მონაწილეობას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია წესრიგი და გზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, რითიც მოძრაობდა შეფერხდა.
„წარდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ნიკა მელიას მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
ნიკა მელია 11 ივნისს, პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს. მელია აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მისივე თქმით, პოლიციას მისი, როგორც პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ ჰქონდა.