weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიების მოთხოვნით გაეროს კომიტეტს მიმართეს

10:20 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიების მოთხოვნით გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართეს. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფომ ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაცია ჩაიდინა, რადგან არ გამოიძია მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, ვერ დაიცვა მისი სიცოცხლე, სიკვდილის რეალური მიზეზის დასადგენად საჭირო მოქმედებები არ ჩაატარა და დამნაშავეები არ დასაჯა.

კავშირი „საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) ერთად, ითხოვენ საქმის გამოძიება დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

„პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხანუმის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, სრულიად არის უგულებელყოფილი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - საქმის გამოძიება დაიწყოს 1443 მუხლით. ასევე, უნდა განიხილონ ვერსიები, ხომ არ იყო მკვლელობა, რადგან არსებობს ფოტოები და ჩვენებები, რომ გვამს ჰქონდა დაზიანებები“, – აცხადებს „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების და გავრცელებული კულტურული ნორმების აღმოფხვრა, რაც ხანუმ ჯეირანოვას მკვლელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

„სახელმწიფო თითქოს არჩარევის პოლიტიკას ამჯობინებს, რათა კონფლიქტში არ შევიდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ უმოქმედობა, ამ რეგიონებში გავრცელებულ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ადრეული ქორწინებები და ქალთა მოტაცებები, კვლავ გამოუძიებელი რჩება“, - ამბობს პატარაია.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს. გამოძიება ორი კვირის მერე განახლდა, მას შემდეგ, რაც ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმით მედია დაინტერესდა. გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად, ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

2015 წელს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მას თავად ჰქონდა დაწყებული. ამის მიუხედავად, ჯეირანოვას საქმე დღემე გამოუძიებელია. პროკურატურის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებულ პირებს ბრალი წაუყენონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]