weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება – ადვოკატები

22:47 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მათი თქმით, გამოკვლევები და მკურნალობა, რომელიც მსჯავრდებულს უტარდება, უშედეგოა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ და ითხოვენ, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ორი თვის განმავლობაში მისი დაავადება პროგრესირებს და არ რეგრესირებს. ეს თვალითაც შესამჩნევია.

მას გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული და უკან არის გადაწეული, პრაქტიკულად სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო.

გვაქვს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, თუ რა სჭირს ამ ადამიანს, მოგვცენ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ დიაგნოზის დასმა ჩვენი მოწვეული ექიმებით, იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოქსიკაცია, ინსულტი. ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

პატიმრის ოჯახის წევრები და ადვოკატები ასევე მოითხოვენ, რომ ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა მათთან შეთანხმებით განხორციელდეს. მათი თქმით, „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შესახებ სამედიცინო დასკვნა, დღემდე არ მიუღიათ, რაც ბევრ კითხვას აჩენს.

„პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, მისი ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. იმის საშუალებასაც კი არ გვაძლევენ, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სრული ყრუ კედელია აღმართული“, - ამბობს ადვოკატი ბექა ბესელია.

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის კლინიკაში გადაყვანა მიზნად ისახავს ინტოქსიკაციის შესახებ ადვოკატების მიერ გამოთქმული ეჭვის გაბათილებას. ამავე სამსახურის ცნობით, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მსჯავრდებულის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული მკურნალობის შედეგად დაავადება და სიმპტომები რეგრესირებს და ექიმები დამატებით ანალიზებს საჭიროდ არ თვლიან, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან გამოთქმული ბოლო ეჭვის გაბათილების მიზნით, რომელიც ინტოქსიკაციას უკავშირდება, ვანო მერაბიშვილის კლინიკაში „მედიქლაბი“ გადაყვანის შესახებ“, - აცხადებს პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ტოქსიკოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდება, მოხდება იმ მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია, რომელზეც მედიკოსთა აზრით მიზანშეწონილია ანალიზების ჩატარება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და შედეგად, „საბოლოოდ, დოკუმენტურად გამოირიცხება ეჭვიც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატებს აქვთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]