უფლებადამცველების ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
„საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით“, - განაცხადეს უფლებადამცველებმა.
„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიტალი საფაროვთან კონფლიქტისა და მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით,
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.
ამასთან, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ბოლო ორ წელში მათ არაერთხელ შეატყობინეს პოლიციას, ბრალდებულების მიერ ჩადენილი მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებები რეაგირების გარეშე დარჩა.
„შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, თუ რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი და იკვეთება თუ არა სიძულვილის მოტივი.
აღნიშნულის დადგენა ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“, - აცხადებენ საფაროვების ინტერესების დამცველები.
25 წლის ვიტალი საფაროვი სექტემბერს, თბილისში, ალ. დიუმას ქუჩაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვიტალი საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 23 წლის მამაკაციც დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის მკვლელობაში ბრალდებულს მკვლელობის დროს თან ახლდა, დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.
ვიტალი საფაროვი „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.