weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

როგორი იქნება მომავალი სამყაროს მენიუ

12:32 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

ვინაიდან 21-ე საუკუნის შუა პერიოდში მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს, ადამიანთა მოთხოვნილება საკვებზე 50%-ით გაიზრდება. როგორ შევძლებთ კვების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ტყეების კიდევ მეტად გაჩეხვის ან ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის – გლობალური დათბობის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორის – გაფართოების გარეშე? როგორ შევინარჩუნებთ ჯანსაღ ნიადაგს, რათა საკვები მოსავალი მოვიდეს? National Geographic-ის სტატია სწორედ ამ საკითხის შესახებაა.

სავარაუდოდ, ცილების წარმოების ახალი გზების ძიება დაიწყება, რადგან ცხოველური პროდუქტების სამრეწველო წარმოების გარემოზე ზემოქმედების შეჩერება თანდათანობით შეუძლებელი ხდება. ცხოველური პროდუქციის წარმოება ადამიანის მიერ გამოწვეული სათბურის აირების გამოყოფის დაახლოებით ერთ მეშვიდედს შეადგენს. კონცენტრირებული კვებით წარმოებული საქონლის ხორცი, ბოსტნეულსა და მარცვლეულთან შედარებით, როგორც წესი, ერთ კალორიაზე თითქმის რვაჯერ მეტ წყალსა და 160-ჯერ მეტ მიწას მოითხოვს. არაა გასაკვირი, რომ გაეროს ადმინისტრაცია ყველას ნაკლები საქონლის ხორცის მოხმარებისკენ მოუწოდებს და კვების ახალი კომპანიები ამ მოწოდებას სერიოზულად განიხილავენ.

ამ კომპანიებს შორისაა Beyond Burger-ის მწარმოებელი ფირმა. ესაა ბურგერი, რომელსაც ხორცის შეფერილობა ჭარხლის საშუალებით ეძლევა, ხოლო ცილა – მუხუდოსგან. მისი უმსხვილესი კონკურენტი – Impossible Burger, ყიდის მცენარეულ საფუძველზე დამზადებულ ბურგერის კოტლეტს, რომელიც უხვად უშვებს ხორცის მსგავს წვენს ლაბორატორიულად მიღებული და ჰემოპროტეინად წოდებული ცილის წყალობით.

სხვა კომპანიები ცდილობენ ხორცის პროდუქტების ინდუსტრიალიზაციას ისე, რომ ცხოველები საერთოდ აღარ იყვნენ საჭირონი. ამასობაში საკვებად ვარგისი მწერები (მეტწილად კალია) თავიანთ ადგილს იმკვიდრებენ შეერთებული შტატების ბაზარზე, როგორც ცილით მდიდარი ცხოველური საკვები ან გადამუშავებული საჭმლის შემადგენელი ნაწილი.

სხვა ხერხებიც ბუნებითაა შთაგონებული. 1980-იანი წლებიდან შეერთებულ შტატებში მკვლევარები მრავალწლოვანი მარცვლეულის გამოყვანას ცდილობენ ისეთი ერთწლოვანი კულტურების ჩასანაცვლებლად, როგორებიცაა ხორბალი და სიმინდი, რომლებიც ტრადიციულად ყოველწლიურად ითესება, მაგრამ ამავე დროს ნიადაგს მკვებავი ელემენტებისგან ძარცვავს, ეროზიას ზრდის და სასუქის ჩადინებას უწყობს ხელს.

როგორიც უნდა იყოს ჩვენი საკვები 50 წლის შემდეგ, კლიმატის ცვლილება იმის უფრო რაციონალურ გამოყენებას მოითხოვს, რაც უკვე გვაქვს. როგორც კვების საერთაშორისო ექსპერტი, რაჯ პატელი აცხადებს, 21-ე საუკუნე ნელ-ნელა აღიარებს, რომ ისეთი რაღაცები, რაც სარეველებსა და მავნებლებს წარმოადგენდა, საკვებად შეიძლება გადაიქცეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]