სუპერგმირი ლურჯი ხოჭო, რომელიც DC-ის კომიქსებში სამი სხვადასხვა ადამიანის ალტერ ეგოს წარმოადგენს, კომიქსების მოყვარულებმა პირველად 2006 წელს იხილეს. სტუდია „უორნერის“ ახალ პროექტში მთავარი გმირი ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში მცხოვრები ხაიმე რეიესი იქნება, რომელიც მისტიკური ხოჭო სკარაბეუსის კოსმოსური წარმოშობის ჯავშან-კოსტიუმს მიიღებს და სუპერგმირი გახდება.
ფილმის სცენარის ავტორი აქამდე მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მომუშავე გარეთ დანეტ-ალკოსერი იქნება.
„მარველის“ კომიქსების ჩინელი პერსონაჟი შან-ჩი, რომელიც აზიური საბრძოლო ხელოვნების მიმდევარია, პირველად 70-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც ლეგენდარული ბრიუს ლის წყალობით მთელ მსოფლიოში კუნგ-ფუს ბუმი დაიწყო. კომიქსების ხსენებულ გმირს არანაირი ზებუნებრივი ძალა და სუპერიარაღი არ აქვს, თუმცა საბრძოლო ხელოვნების უბადლო მცოდნეა.
ამჟამად „მარველის“ კინოსტუდია, რომელსაც „შავი პანთერის“ წარმატების შემდეგ აზიელი კინომოყვარულების გულების მოგებაც სურს, აზიური წარმოშობის რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის ძიებაშია.