მსახიობის განცხადება მისმა პუბლიცისტმა ლესლი დარტმა გამოაქვეყნა.
„დენიელ დეი-ლუისი მსახიობად აღარ იმუშავებს. ის უდიდესი მადლიერია მრავალი წლის მანძილზე არსებული ყველა მისი თანამშრომლისა და მაყურებლის. ეს პირადი გადაწყვეტილებაა და ამ თემაზე არც ის და არც მისი წარმომადგენლები კომენტარს აღარ გააკეთებენ.“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
60 წლის მსახიობის მონაწილეობით უკანასკნელი ფილმი მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან გამოვა. ახალ სურათში, რომლის სათაურია - Phantom Thread, მოქმედება 1950-იანი წლების ლონდონის მოდის ბიზნესში ვითარდება. ფილმი დენიელ დეი-ლუისისა და სცენარისტ-რეჟისორ პოლ თომას ანდერსონის მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება. მოგეხსენებათ, დუეტის პირველმა თანამშრომლობამ (There Will Be Blood) მსახიობს კარიერაში მეორე ოსკარი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ დენიელ დეი-ლუისი ერთადერთი მსახიობია, რომელსაც ოსკარის სამი ჯილდო მამაკაცის მთავარი როლებისთვის აქვს მოპოვებული, ფილმებით: My Left Foot (1989), There Will Be Blood (2007), Lincoln (2012).