ჰოლივუდს პოპულარული ნაწარმოების ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა, როდესაც Metro-Goldwyn-Mayer-ის პროდიუსერმა მაიკლ ჯონსონმა და სცენარისტმა სკოტ ფრეიზირმა მოისურვეს რომანის მიხედვით ფილმის გადაღება, თუმცა ფრეიზირის სცენარში მოქმედება მოსკოვის ნაცვლად ვაშინგტონში იყო გადატანილი, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ავტორისთვის და კომენტარი ამის თაობაზე თავად 39 წლის მწერალმა გააკეთა:
„ბევრი რამ, რაზეც რომანი დგას, ვაშინგტონში ვერ იმუშავებს, არც ნაცისტები, არც კომუნისტები და არც ადამიან-მუტანტები. ეს არაა ის ალუზია, რაც მე შევქმენი. ჩემი მეტაფორა ქსენოფობია იყო და არა აფრო-ამერიკელი მოსახლეობის თემები. მათ უნდოდათ მუტანტების მონსტრებით შეცვლა, მაგრამ რადგანაც ურჩხულები ადამიანებს არ გვანან, ქსენოფობიის სიმბოლურმა დატვირთვამაც მნიშვნელობა დაკარგა. საბოლოო ჯამში იდეადაკარგული ისტორია მივიღეთ“, - განმარტა დიმიტრი გლუხოვსკიმ.
აქამდე ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ რომანის ადაპტაციით ჰოლივუდის ერთ-ერთი ტოპ-პროდიუსერი, ოსკარის სამგზის ნომინანტი მაიკლ დე ლუკა იყო დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს გამოქვეყნებულ სუპერპოპულარულ ანტიუტოპიურ რომანში მოქმედება ფუტურისტულ მოსკოვში, ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ ხდება. საზოგადოება მიწისქვეშ, მეტროში ცხოვრობს, სადაც მთავარი გმირი მეოთხე რაიხის მუტანტ მეომრებსა და პოლიტიკურ ფრაქციებად ქცეულ მეტრო-სადგურებზე არსებულ ხალხს ხვდება. წარმატებულ წიგნს ავტორმა ორი გაგრძელება, „მეტრო 2034“ და „მეტრო 2035“ დაუწერა. ქართულ ენაზე თარგმნილი ტრილოგია გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.
აქვე გეტყვით, რომ რომანის მიხედვით უკვე არსებობს იგივე სახელწოდების მქონე ამერიკული პოპულარული ვიდეოთამაშების სერია.