weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საახალწლო ფილმების ათეული

11:56 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018

საახალწლო დღეებში სადღესასწაულო განწყობას იმ ცნობილი კინოფილმების ნახვაც ქმნის, რომლებიც კინომოყვარულებსა თუ უბრალო მაყურებელს მრავალჯერ აქვთ ნანახი.

მრავალ საშობაო-საახალწლო ფილმს შორის, როგორც წესი, დიდი პოპულარულობით ამ ჟანრის ყველაზე ნაცნობი ჰოლივუდური ფილმები - Home Alone, Jingle All the Way (ქართველები ტურბო-მენსაც რომ ეძახიან), Bad Santa, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, ასევე რუსული კინოკლასიკები - Ирония судьбы, Карнавальная ночь და ქართული მოკლემეტრაჟიანი სურათი „კუჩხი ბედინერი“ ანდა თოჯინური შედევრი-ანიმაცია „კოჯრის ტყის სიზმრები“ სარგებლობს, თუმცა მრავალგზის „გადაღეჭილი“ საყვარელი ფილმების გარდა მრავლადაა ნაკლებად ცნობილი, ანდა მივიწყებული საახალწლო ფილმები, რომელთა შესახებ ხშირად ყურადღება ნაკლებია, ხან ტელეარხები არ წყალობენ, ანდა ყველას კვლავაც კარგად ნაცნობი ფილმების ონლაინ ნახვა ურჩევნია განწყობის შესაქმნელად.

გთავაზობთ საშობაო-საახალწლო ფილმების ათეულს, რომელშიც თავმოყრილია სხვებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი, არაპოპულარული, ანდა უბრალოდ კარგად დავიწყებული კინოშედევრები.

Holiday Inn - ჩვენი ათეულის ყველაზე ძველი ფილმი ჰოლივუდის კლასიკად აღიარებული მიუზიკლია, რომელშიც მთავარ როლებს ლეგენდარული ბინგ კროსბი და ფრედ ასტერი ასრულებენ.

It’s a Wonderful Life - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ (თუ საუკეთესოდ არა) მიჩნეული საშობაო კინოშედევრი პოპულარული შესაძლოა, მხოლოდ კინომანებშიღაა. რეჟისორ ფრენკ კაპრას ფანტასტიკური ელემენტებით, დრამითა და საოცარი სიყვარულით გაჯერებული შავ-თეთრი სურათი საუკეთესო საოჯახო ფილმიცაა.

Miracle on 34th Street - 1947 წელს გამოსული სამი ოსკარის მფლობელი კიდევ ერთი კლასიკური კინოსურათი ორიგინალური, სახალისო და საინტერესო საშობაო ფილმია. 1994 წელს მისი რიმეიქიც გამოვიდა, თუმცა ორიგინალ ფილმს სულ სხვა ხიბლი აქვს.

The Nightmare Before Christmas - ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ტიმ ბარტონის ღრმა ფანტაზიით შექმნილი თოჯინური ანიმაცია ხშირად ჰელოუინის დღესასწაულთან უფრო ასოცირდება, თუმცა მაინც ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ საშობაო სურათადაა მიჩნეული.

Noel - მორიგი ფილმი რომანტიკული მელოდრამის მოყვარულთათვისაა. აქ მაყურებელი კარგად ნაცნობ ჰოლივუდელ მსახიობებს იხილავს, რომელთა გმირებსაც ნიუ იორკში საშობაოდ განსხვავებული მოლოდინები აქვთ.

Joyeux Noël - ფრანგული ფილმი, რომელიც ოსკარზეც იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, საომარი დრამის, მიუზიკლისა და საშობაო ჟანრის ერთგვარი ნაზავია. დაუვიწყარი მუსიკა და ამავდროულად სევდისმომგვრელი ისტორია პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.

The Polar Express - ოსკაროსანი რეჟისორის, რობერტ ზემეკისის პირველი ანიმაციური ფილმი არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

A Christmas Carol - ათეულში ზემეკისის კიდევ ერთი ლამაზი ანიმაციაა, რომელიც ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. კომიკოს ჯიმ კერის მიერ შექმნილი პერსონაჟი სკრუჯი მაყურებელთან ერთად გაივლის ფანტასტიკურ საშობაო გამოცდას.

Rare Exports - უცნობი და უჩვეულო ფინური ფილმი სპეციალურად მათთვისაა, ვისაც სანტა კლაუსის არსებობის არ სჯერა!

The Christmas Chronicles - ათეულს კი 2018 წელს გამოსული ძალიან სახალისო, დინამიური და ყველა ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილი საოჯახო ფანტასტიკური კომედია ასრულებს, რომელშიც სრულიად სხვა სახის სანტა კლაუსს კურტ რასელი ასრულებს. დიდი ალბათობით, „ნეტფლიქსის“ ეს ფილმი ისეთივე საკულტო საახალწლო ჰიტი გახდება, როგორიც ზემოთხსენებული ფილმებია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]