weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

დედამიწა – ვირუსების პლანეტა

15:27 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

შეიძლება ითქვას, რომ ვირუსები დედამიწის ძირძველი მკვიდრები არიან, რომელთაც სხვა ყველაფერთან ერთად უამრავი რამით შეუძლიათ გონიერი ადამიანის გაკვირვება. მაინც რას წარმოადგენენ ვირუსები? ჟურნალ National Geographic-ის სტატიაში წერია, რომ საყოველთაოდ მიღებული მარტივი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს.

ფიზიკურად რომ დავახასიათოთ, ვირუსი არის მიკროსკოპული ზომის, ცილის გარსით ოსტატურად შეფუთული, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა – დნმ ან რნმ. ის ასევე აგრესორი აგენტია, რომელსაც დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლია და მხოლოდ მასპინძელი ორგანიზმის უჯრედში შეჭრის შემდეგ ახერხებს საკუთარი ასლების წარმოებას. ამ თავისებურების გამო, ევოლუციურ ხეზე სიცოცხლის სამ დომენს შორის მისი ადგილი არ მოიძებნა და ვირუსი სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ან სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმად არის მიჩნეული. არსებობს ე.წ. ზომიერი ვირუსებიც, რომლებიც მასპინძელში შეჭრის შემდეგ შენიღბულად აგრძელებენ ცხოვრებას და უჯრედს სასიკვდილოდ არ წირავენ.

ასეთი პარაზიტის ბრალია ვერაგი შიდსიც, აბეზარი სეზონური გრიპიც და თამბაქოს მოზაიკური დაავადებაც, რომლის შესწავლისასაც პირველად დადგინდა ვირუსების არსებობა და რაობა 1892 წელს, ანუ საუკუნეზე ოდნავ მეტია, რაც ადამიანმა გაიგო ვირუსების არსებობის შესახებ და ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისთვის ვირუსი ცალსახად უარყოფით გმირად მოიაზრებოდა.

იყო პერიოდი, როდესაც სამეცნიერო საზოგადოებაც ასე თვლიდა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ მეცნიერები, რომელთაც ეს შეხედულება შეცვალეს. ამ ნიადაგზე გადაიკვეთა იმ დროს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას (სწორედ მის სახელს ატარებს ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში) და განთქმული ფრანგული წარმოშობის კანადელი მეცნიერის, ფელიქს დ'ერელის გზები. უჩვეულო, „კეთილი“ ვირუსების შესწავლით 100 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ისევ აკავშირებს ქართულ მეცნიერებას პარიზის პასტერის ინსტიტუტთან: კიდევ უფრო უჩვეულო, აქამდე უცნობი ტიპის ვირუსებს იქ ახლა დავით ფრანგიშვილი სწავლობს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად ცვლის ვირუსოლოგიაში და მთლიანად ბუნებისმეტყველებაში დამკვიდრებულ ზოგიერთ წარმოდგენას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]