მზის ბატარეებზე მომუშავე მავალი რვა თვის წინ „წითელ პლანეტაზე“ მძვინვარე ქვიშის ქარიშხალში მოყვა და დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა. ხომალდთან დაკავშირება მას შემდეგ NASA-მ არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. კონტაქტის აღდგენის ბოლო მცდელობა 13 თებერვალს ჰქონდათ, მაგრამ „ოპორტუნიტიმ“ დედამიწიდან განხორციელებული ზარი კვლავ უპასუხოდ დატოვა.
„Opportunity-ს მისიას ოფიციალურად დასრულებულად ვაცხადებ“, - აღნიშნა NASA-ს სამეცნიერო დირექტორატის ადმინისტრატორმა თომას ზურბუკენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
„ოპორტუნიტი“ მარსის ზედაპირზე 15 წლის განმავლობაში დაეხეტებოდა. გაიარა რეკორდულად დიდი მანძილი და გააკეთა არაერთი ისტორიული აღმოჩენა. მავალმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ უძველეს წარსულში „წითელ პლანეტაზე“ გადაჭიმული იყო თხევადი წყლით სავსე უზარმაზარი ტბები.