წარმატების შემთხვევაში ისრაელი მეოთხე სახელმწიფო გახდება აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე კონტროლირებად დაჯდომას განახორციელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაშვების პროცესს ქალაქ იეჰუდიდან, კონტროლის ცენტრიდან უყურებდა.
პროექტი მთლიანად შემოწირულობებით განხორციელდა და წარმოადგენს პირველ კერძო მისიას მთვარეზე. რობოტულ ხომალდს „ბერეშიტი“ (წარმოქმნა) დაარქვეს. იგი დაახლოებით სარეცხი მანქანის ზომისაა და 585 კილოგრამს იწონის. ოთხფეხიანი ხომალდი გადაიღებს დაჯდომის ადგილს, მთვარის მუქ რეგიონს, რომელსაც „სიმშვიდის ზღვას“ უწოდებენ და გაზომავს მაგნიტურ ველებს. ზონდი მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იმუშავებს, შემდეგ კი გაითიშება.
ხომალდში მოთავსებულია მონეტის ზომის ციფრული დროის კაფსულა, რომელშიც ჩაწერილია ბიბლია, ბავშვების ნახატები, ისრაელის ეროვნული ჰიმნი და დროშა, ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილთა მოგონებები.