ენტონი ჰოპკინსის გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: ემა თომპსონი, რომელთან ერთადაც ჰოპკინსს უმუშავია რეჟისორ ჯეიმს აივორის ფილმებზე - Howard’s End (1992) და The Remains of the Day (1993), „ბი-ბი-სის“ სერიალ „შერლოკის“ ვარსკვლავი ენდრიუ სკოტი და ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტი.
ბრიტანული სამსახიობო გუნდი შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში როლებს შემდეგნაირად შეასრულებს:
ენტონი ჰოპკინსი - მეფე ლირი
ემა თომპსონი - გონერილი
ემილი უოტსონი - რეგანი
ფლორენს პიუ - კორდელია
ჯიმ ბროუდბენტი - გლოსტერი
ჯიმ კარტერი - კენტი
ენდრიუ სკოტი - ედგარი
ქრისტოფერ ეკლსტონი - ოსვალდი
რაც შეეხება რეჟისორს, რიჩარდ ეირმა ერთხელ უკვე გადაიღო „მეფე ლირის“ სატელევიზიო დადგმა, სადაც ბრიტანეთის მითიური მეფე იან ჰოლმმა განასახიერა.
„ბი-ბი-სის“ სატელევიზიო ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. გადასაღები მოედნის ნაწილი ლონდონის ტაუერიც იქნება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე „მეფე ლირის“ უამრავი ტელეადაპტაცია არსებობს, თუმცა მხატვრულ ფილმებს შორის ცნობილი ეკრანიზაციები გახლავთ: 1971 წლის საბჭოური ვერსია, რომელშიც მთავარი გმირის როლი იური იარვეტმა ითამაშა და ლეგენდარულ აკირა კუროსავას 1983 წელს გამოსული ფილმი „რანი“ (შფოთი), სადაც მოქმედება ბრიტანეთის ნაცვლად ფეოდალურ იაპონიაში მიმდინარეობს.