weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მომავლის ქალაქები პიტერ კალთორპის მიხედვით

14:36 პარასკევი, 05 აპრილი 2019

ქალაქში ცხოვრების ყველა სიკეთე რომ შევიგრძნოთ, ავტომობილებზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ - ამბობს National Geographic-ის ჟურნალისტი რობერტ კუნციგი. მისი აზრით, ქალაქის დანიშნულება ხალხის შეკრებაა და არა გაფანტვა.

კუნციგის მასპინძელი პიტერ კალთორპი არქიტექტორია, რომელმაც 1970-იან წლებში, სამთავრობო ოფისების ერთ-ერთი პირველი ენერგოეფექტური შენობა დააპროექტა. მისი თქმით, თუ რეალური ეკოლოგიური და სოციალური შედეგების მიღება გსურთ, საჭიროა არა ცალკეული შენობის, არამედ მთელი დასახლების პროექტირება. დღეს კალთორპი პატარა, თუმცა მთელ მსოფლიოში გავლენიან, ურბანული დიზაინის ფირმა Calthorpe Associates-ს მართავს.

„ავტომობილზე ორიენტირებული ურბანული გარემოს პრობლემა ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილების ერთადერთი საშუალება მანქანაა, გაგიკვირდებათ და ხალხი მას დიდი დატვირთვით გამოიყენებს. დიდი დატვირთვა იქნება კლიმატისთვის, დიდი დატვირთვა იქნება ხალხის ჯიბისთვის, დიდი დატვირთვა იქნება დასახლებული პუნქტისთვის საცობების თვალსაზრისით და ბევრ დროსაც წაართმევს ხალხს. ის ნებისმიერი საზომით, უარყოფითია. ფეხით არსიარული რეცეპტია ჭარბი წონისთვის. ჰაერის დაბინძურება კი სასუნთქი გზების დაავადებებს განაპირობებს“, - აცხადებს პიტერ კალთორპი.

1990-იან წლებში კალთორპმა დიდ წარმატებას მიაღწია: ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მორიგი ჩქაროსნული ავტოსტრადის მაგივრად, მსუბუქი სალიანდაგო ტრანსპორტის ხაზი გააყვანინა და საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო ობიექტები მის გარშემო მოაწყობინა. „საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულმა მშენებლობამ“ მას შემოქმედებითად მოაზროვნე ურბანისტის სახელი დაუმკვიდრა.

კალთორპის უტოპიაში, ქალაქები გარემომცველ ბუნებაზე გადავლით, გაუმაძღრად აღარ გაფართოვდებოდნენ, პირიქით - ბუნებას გაუღებდნენ კარს და ადამიანთან დააახლოებდნენ. ქალაქები, ჩქაროსნული სატრანსპორტო ქსელის გარშემო, მჭიდროდ ჩამწკრივებული სახლებისა და პატარა, ფეხით სასიარულო კვარტალების სახით გაიზრდებოდნენ. მომავლის ქალაქი აღარ გახლეჩდა სამსახურს, საცხოვრებელსა და საყიდლებს ისე, როგორც ამას უწესრიგოდ განაშენიანებული ქალაქი შვრება და რითაც მანქანით სარგებლობისკენ უბიძგებს ხალხს. აღარ გახლეჩდა მდიდრებსა და ღარიბებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს. ქალაქის მცხოვრებლები მანქანის ნაკლებად გამოყენებით, ნაკლები გზის დაგებით, ნაკლებად დაათბობდნენ დედამიწას. ეს ბევრად შეანელებდა კლიმატის ცვლილებას, რომელიც მრავალ ქალაქს ამავე საუკუნეში უქმნის საფრთხეს.

ამ ყველაფრის მისაღწევად კალთორპის აზრით, არც მიმზიდველი არქიტექტურაა აუცილებელი და არც ფუტურისტული ტექნოლოგიები, არამედ ყველაზე მეტად საჭიროა, ახლო წარსულში ჩამოყალიბებული მცდარი წარმოდგენებისა და შეცდომების გამოსწორება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]