Gemini Man (ტყუპი ადამიანი) - ასე ეწოდება სამეცნიერო ფანტასტიკურ სურათს, სადაც უილ სმიტი ორ პერსონაჟს ასახიერებს: ერთი მათგანი ვეტერანი დაქირავებული მკვლელია, მეორე კი - თავისივე ახალგაზრდა კლონი, რომელიც მასზე ნადირობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ბრიტანელი ვარსკვლავი კლაივ ოუენი, მერი ელიზაბეტ უინსტედი და ბენედიქტ ვონგი.
ფილმის ორიგინალი იდეა და სცენარი 1997 წლიდან დევიდ ლემკეს ეკუთვნოდა, რა დროსაც პროექტს რამდენიმე რეჟისორი (ტონი სკოტი, კერტის ჰენსონი, ჯო კარნაჰანი) შეეცვალა. შემდგომში სცენარი რამდენიმეჯერ გადაწერეს ისეთმა ცნობილმა სცენარისტებმა, როგორებიც არიან: ჯონათან ჰენსლი, „სატახტოთა თამაშის“ შოურანერი დევიდ ბენიოფი, ოსკაროსანი ბრაიან ჰელგელანდი (L.A. Confidential), ოსკარის ნომინანტი რეჟისორი და სცენარისტი ენდრიუ ნიკოლი (The Truman Show), ოსკარის ნომინანტი ქრისტოფერ უილკინსონი (Nixon) და ასევე ოსკარის ნომინანტი ბილი რეი (Captain Phillips). წლების განმავლობაში ასევე იცვლებოდა მთავარი როლის შემსრულებელი - შონ კონერი, კლინტ ისტვუდი, ჰარისონ ფორდი, მელ გიბსონი, ჯონ ვოიტი, ნიკოლას კეიჯი და ქრის ო’დონელი.
ფილმის გადაღების ამგვარი დროში გაწელვა კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც უკავშირდება - როგორც ჩანს, ავტორები მთავარ როლის შემსრულებელი მსახიობის ახალგაზრდა ვერსიის თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდით (ე.წ. De-aging) შექმნას ელოდნენ.
საი-ფაი სურათის წარმოებით საბოლოოდ გავლენიანი პროდიუსერები, ჯერი ბრუკჰაიმერი და დევიდ ელისონი დაკავდნენ. ფილმი, რომელიც კინოეკრანებზე ოქტომბრის დასაწყისში გამოვა, ჯორჯიის შტატში, კოლუმბიასა და ბუდაპეშტში გადაიღეს.