weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მაიმუნებისა და ადამიანების მორიგი დაპირისპირება

16:57 პარასკევი, 07 ივლისი 2017

13 ივლისიდან მსოფლიო კინოეკრანებზე სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ცნობილი ფრანშიზა „მაიმუნების პლანეტის“ ახალი კინოსერიების მესამე ნაწილი - „მაიმუნების პლანეტის ომი“ (War for the Planet of the Apes) გამოვა, რომლის რეჟისორი წინა სერიის მსგავსად მეტ რივზია.

ახალი ფილმის სიუჟეტის თანახმად, მთავარი გმირი კვლავ ჭკვიანი შიმპანზე სახელად ცეზარია, რომელიც იძულებულია დაუნდობელი პოლკოვნიკის მეთაურობით მოქმედ ადამიანთა ძალებს წინ აღუდგეს. უარყოფით პერსონაჟს ფილმში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ვუდი ჰარელსონი განასახიერებს, მაღალინტელექტუალური პრიმატების პერფორმანსი კი ამჯერადაც კომპიუტერულია.

„მაიმუნების პლანეტის“ განახლებული კინოსერიების პირველი ნაწილი 2011 წელს გამოვიდა, სათაურით - „მაიმუნების პლანეტის აჯანყება“ (Rise of the Planet of the Apes). მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი ახალგაზრდა მსახიობი ჯეიმს ფრანკო ასრულებდა, ვისმა მეცნიერმა კინოგმირმაც ალცჰაიმერის საწინააღმდეგო წამალზე მუშაობისას საბედისწერო ვირუსი შექმნა, რამაც ადამიანები დახოცა, საექსპერიმენტო მაიმუნებს კი, ცეზარის წინამძღოლობით, ინტელექტი აუმაღლა. მეორე სერიაში (Dawn of the Planet of the Apes), სადაც მოქმედება ეპიდემიის გავრცელებიდან ათი წლის შემდეგ მიმდინარეობდა, მაიმუნებისა და ადამიანების ახალი დაპირისპირება იყო ნაჩვენები, თუმცა სიუჟეტში მაყურებელმა ორივე მხარის წარმომადგენლებში იხილა როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი გმირები.

მესამე სერიის გამოსვლის წინ კინოსტუდიამ 20th Century Fox, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც სამივე ფილმის სიუჟეტია გადაბმული და მთლიან ისტორიას გვახსენებს. როგორ გადაწყდება პლანეტისთვის ბრძოლა და ვინ გახდება დომინანტი დედამიწაზე - ადამიანი თუ მაიმუნი, ამას მაყურებელი მალე იხილავს.

ტრილოგიის პირველმა ფილმმა 93 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით მსოფლიო კინოგაქირავებაში 482 მილიონი დოლარი მოაგროვა და კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი პრიმატების წყალობით ოსკარების დაჯილდოებაზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტების კატეგორიაში. იგივე წარმატება ხვდა წილად უფრო მაღალბიუჯეტიან მეორე ნაწილს, რომელმაც 235 მილიონი დოლარის საპასუხოდ 710-მილიონიანი მოგება ნახა და ოსკარზეც ანალოგიური ნომინაცია ერგო. საინტერესოა, დაფასდება თუ არა ამ მხრივ მესამე სერია, რომელსაც კინოკრიტიკოსები უკვე დადებითად აფასებენ კომპლექსური სიუჟეტური ხაზისა და შთამბეჭდავი ვიზუალის გამო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]