weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინ და რამდენი ადამიანი აძლევს ხმას ოსკარების ნომინანტებსა და გამარჯვებულებს

12:54 ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017

ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS), რომელიც ყოველწლიურად ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებას - ოსკარების გადაცემის ცერემონიას მართავს, გასულ წელთან შედარებით წევრების რაოდენობა 683-ით გაზარდა. წლევანდელ ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ზუსტად 6687 წევრი აძლევს ხმას.

გასული წლის სადაო დაჯილდოების შემდეგ, კინოაკადემიამ პრობლემის აღმოფხვრის პირველ გზად ხმისმიმცემ წევრთა რაოდენობის სხვადასხვა ეთნიკური, რასობრივი და სხვა ნიშნით შერჩეული კანდიდატების დამატება აირჩია. შეგახსენებთ, რომ შარშან ოსკარზე წარდგენილ 20 მსახიობს შორის არცერთი ფერადკანიანი არ იყო, რამაც უდიდესი უკმაყოფილება, საყოველთაო აღშფოთება და მრავალი დისკუსია გამოიწვია. ამრიგად, 2016 წლის ივნისში კინოაკადემიას ახალი 683 წევრი შეემატა, რომლებმაც ასევე ჩაანაცვლეს წლის განმავლობაში გარდაცვლილი 60 წევრი.

კინოაკადემიის წევრები 17 სხვადასხვა განყოფილებაში არიან გადანაწილებულნი, მათი ზუსტი რაოდენობა ამ მომენტისთვის 7686 გახლავთ (ამათში შედიან ე.წ. პენსიაზე გასული, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე არჩეული მუდმივი წევრებიც), თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, ხმის მიცემის უფლება მათგან 6687-ს აქვს.

კინოაკადემიის სხვადასხვა განყოფილებების მიხედვით განაწილებული წევრების რიცხვი ასეთია:

  1. მსახიობები - 1158
  2. პროდიუსერები - 504
  3. მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ანიმაცია - 479
  4. რეჟისორები - 473 (მათ შორისაა ერთი ქართველი რეჟისორიც, ზაზა ურუშაძე)
  5. აღმასრულებელი პროდიუსერები - 468
  6. ხმის ეფექტებისა და ხმის მონტაჟის სპეციალისტები - 456
  7. სცენარისტები - 406
  8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - 389
  9. ვიზუალური სპეცეფექტების სპეციალისტები - 383
  10. მუსიკოსები - 279
  11. მხატვარ-დიზაინერები და დეკორატორები - 295
  12. დოკუმენტალისტები - 277
  13. მონტაჟიორები - 274
  14. ოპერატორები - 240
  15. გრიმიორ-ვიზაჟისტები - 157
  16. კოსტიუმის დიზაინერები - 117
  17. ქასთინგის რეჟისორები - 99

როგორც ხვდებით, სხვადასხვა გილდიაში მყოფი წევრები მხოლოდ თავიანთ განყოფილებების ნომინაციებში აძლევენ კანდიდატებს ხმას, შესაბამისად მსახიობ წევრს არ აქვს უფლება მთავარი ოპერატორის ნომინანტებს მისცეს ხმა, ანდა კოსტიუმერმა - წლის საუკეთესო ფილმის კანდიდატს, აქედან გამომდინარე წლის საუკეთესო ფილმს პროდიუსერები ავლენენ, საუკეთესო მსახიობებს - მსახიობები, საუკეთესო სცენარის ავტორებს - სცენარისტები და ა.შ.

რაც შეეხება კინოაკადემიის წევრთა ვინაობას, მიუხედავად იმისა, რომ წევრთა ზუსტი რაოდენობა ცნობილია და ყოველთვის ასე იყო, მათი კონკრეტული ვინაობა ყოველთვის გასაიდუმლოებული რჩებოდა. მაგალითად, შესაძლოა ვიცოდეთ, რომ რეჟისორი ზაზა ურუშაძე, სტივენ სპილბერგი ანდა მაიკლ მანი კინოაკადემიის წევრები არიან, თუმცა 473 წევრი რეჟისორების სრული ვინაობები უცნობია.

კინოაკადემიის წევრები ჯერ სანომინაციე კანდიდატებს აძლევენ ფარულად ხმას, ნომინანტების გამოცხადების შემდეგ კი უშუალოდ ნომინანტებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენი ხმის მიცემის პროცედურა იწყება, რომელიც დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე სრულდება ხოლმე. გამარჯვებულთა ვინაობას ცერემონიაზე აცხადებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]