weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ იქცევა ადამიანის ფერფლი ალმასად, ვინილად ან ხედ

14:14 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

მიწა ხარ და მიწად იქცევი - გვასწავლის ბიბლია, თუმცა მაღალტექნოლოგიური XXI საუკუნე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეშიც საკმაოდ უცნაურია. National Geographic-ის სტატია სახელად „სიკვდილის დახვეწილი მომავალი“, მიცვალებულთათვის პატივის მიგების განსხვავებულ გზებზეა.

ყველა ეპოქაში გარდაცვლილების მოსახსენიებელი წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას იმ დროისთვის ხელმისაწვდომი საშუალებები განსაზღვრავდა და მიცვალებულებისთვის პატივის მიგების შესახებ წარმოდგენებს მრავალი ფაქტორი აყალიბებდა – კულტურა, ტრადიციები, გეოგრაფია, რელიგია. ისტორიის განმავლობაში ხომ ადამიანებმა საგულდაგულოდ შეიმუშავეს მიცვალებულთა ხსოვნის უკვდავყოფის მრავალი რთული გზა: ეგვიპტის პირამიდები, ევროპის გოთიკური სტილის მავზოლეუმები, ტაჯ-მაჰალი ინდოეთში, ზეციური დაკრძალვის სახელით ცნობილი ტიბეტელი ბუდისტების წეს-ჩვეულების მიხედვით, ადამიანის ნეშტით სვავებსაც კვებავენ.

სიკვდილსა და ტექნოლოგიებს მყარი კავშირი აქვთ. თანამედროვე განსვენებულთათვის ტექნოლოგიურად საზრიან გზებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული უცნაურობით გამოირჩევა: შეგვიძლია ჩვენი ნეშტის გადაქცევა ნამდვილ ალმასებად.

მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე კომპანია სთავაზობს მომსახურებას ოჯახებს, რომელთაც სურვილი და მატერიალური შესაძლებლობა აქვთ, სამუდამოდ უკვდავყონ მათი ახლობლების ხსოვნა. შვეიცარიული კომპანია Algordanza ერთ-ერთი მათგანია.

მაღალტექნოლოგიური მძიმე მრეწველობის დანადგარების მეშვეობით ინჟინრებს შეუძლიათ გარდაქმნან ადამიანის ფერფლში არსებული ნახშირბადი ალმასებად, რომლებიც ფიზიკურად და ქიმიურად ბუნებრივი ალმასის იდენტურია. გეოლოგიური პროცესი, რომელიც სხვა შემთხვევაში ასობით მილიონი წელი გასტანდა, ახლა შესაძლებელია რამდენიმე კვირაში განხორციელდეს: კრემაციის შემდეგ მიცვალებულის ოჯახი აგზავნის 500 გრამ ფერფლს Algordanza-ს ლაბორატორიაში, მეცნიერები კი ამუშავებენ ფერფლს სუფთა ნახშირბადის გამოსაყოფად და სხვა მინარევებისგან განსაცალკევებლად. ამის შემდეგ Algordanza ალმასების შესაქმნელად იმავე ხელსაწყოებს იყენებს, რასაც დედა ბუნება - სითბოსა და წნევას.

მომდევნო ეტაპზე ნახშირბადის ფერფლი გრაფიტად გარდაიქმნება, ნახშირბადის სტაბილურ ალოტროპად, რომელშიც ატომები მჭიდრო, ბრტყელ შრეებადაა განლაგებული. შემდეგ მიმდინარეობს ნახშირბადის ხანგრძლივი თერმოდამუშავება მაღალი წნევის, მაღალტემპერატურულ (მწმტ) დანადგარში, რომელშიც ტემპერატურა 13000C-ს აღწევს. შემდეგ წნევის ჯერი დგება - მწმტ მოწყობილობის კუბური ჰიდრავლიკური წნეხის სისტემა 60 000 ბარის ძალით აწვება გრაფიტს, მის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლის და ნახშირბადს სუფთა ალმასად გარდაქმნის. უკეთ რომ განვმარტოთ, ეს ალმასები არა მარტო ბუნებრივი ალმასების მსგავსი, არამედ ატომურ დონეზეც მათი იდენტურია. შედეგად მიღებული ძვირფასი ქვა შეიძლება დაუმუშავებელ მდგომარეობაში დარჩეს ან, სურვილისამებრ, დაწახნაგდეს და ბრილიანტად იქცეს.

მთლიანი ოპერაცია, რომლის მომსახურების ფასი 3000 დოლარიდან იწყება, თავდაპირველად ფერფლის გაგზავნიდან ალმასის საბოლოო მიღებამდე, როგორც წესი, ხუთიდან რვა თვემდე გრძელდება. კომპანია წელიწადში, დაახლოებით, 1000 მემორიალურ ალმასს ამზადებს და 34 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა.

სიკვდილის შემდგომი გეგმებისა და შეზღუდული ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვის ალმასებისა და ბრილიანტების ფასი შესაძლოა, მეტისმეტი აღმოჩნდეს, სიკვდილი ხომ ისედაც გარდაუვალი და უსიამოვნოა, განა აუცილებელია, რომ ძვირადღირებულიც იყოს?! ამიტომაც მცირე და უცნაურ ბაზარზე სხვა კომპანიამაც შემოაბიჯა: ბარსელონაში განლაგებული სათავო ოფისის მქონე ესპანური სტარტაპი Bios Urn გაცილებით ხელმისაწვდომ მაღალტექნოლოგიურ მემორიალურ არჩევანს გვთავაზობს: სმარტფონის აპლიკაციისა და ინტერაქტიული დასაკრძალი ურნის მეშვეობით, Bios-ის სისტემა საშუალებას აძლევს მგლოვიარე ოჯახებს, საკუთარ სახლებში გარდაცვლილი ახლობელი ხედ აქციონ. კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის კაფსულას მოზრდილ ქოთანში ათავსებენ, რომელშიც შემდეგ ნერგი ირგვება. ნერგი იზრდება და ფესვს ფერფლში იდგამს, Bios Incube კი ავტომატურად ამარაგებს მას წყლით და ზრუნავს მემორიალურ მცენარეზე. სმარტფონში გაგზავნილი ინფორმაცია კი აიოლებს ოჯახისთვის ნერგზე სათანადო ზრუნვას, სანამ ის გაიზრდება. კომპანია გვთავაზობს ორნაირ ვერსიას: პირველი მოიცავს საბაზისო ბიოდეგრადირებად ურნას და სარგავს 145 დოლარად. უფრო ძვირადღირებული ვერსია კი სენსორებისა და აპლიკაციის დამატებით, დაახლოებით, 700 დოლარი ჯდება.

უფრო საინტერესო ისაა, რომ სხვა ტექნოლოგიური ვარიანტებიც არსებობს ადამიანის უკვდავსაყოფად, მაგალითად ესენი:

  • ბრიტანული კომპანია სახელად And Vinyly თქვენი გარდაცვლილი ახლობლის ფერფლს გადაამუშავებს და მას სპეციალურად შექმნილ ვინილის მუსიკალურ ფირფიტაზე გადაიტანს.
  • ოკეანის მოყვარულებმა თავიანთი სიკვდილის შემდგომი გეგმები შეიძლება ფლორიდაში არსებულ კომპანიას დაუკავშირონ, რომელიც კრემირებულ ნაშთებს ხელოვნურ რიფებსა და საზღვაო ჰაბიტატებს შეუერთებს.
  • ჰიუსტონში დაფუძნებული ფირმა თანამშრომლობს კომერციულ კოსმოსური ფრენების ცენტრთან ფერფლის ორბიტაზე, მთვარეზე ან თუნდაც შორეულ კოსმოსში გასაგზავნად, რისი ფასიც მართლაც ასტრონომიულია.
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]