დევერები, რომლებიც ABC-ის სერიალში Castle მონაწილეობენ, ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, როდესაც ლეკვი იპოვეს. „ტვიტერზე“ ისინი იმ ადამიანს ეძებდნენ, ვინც მეტისს შეიფარებდა. „ჯორჯის“ მოვლის სურვილი Castle-ის ხმის რეჟისორმა, მარტა ევრისმა გამოთქვა.
„მოგზაურობიდან თბილისში ვბრუნდებოდით. ვიცოდი, რომ გორში, ავტოგასამართ სადგურზე ბევრი ძაღლია. მოდი, შევიაროთ და გამოვკვებოთ-მეთქი. სწორედ იქ ვიპოვეთ ეს პატარა ლეკვი. მაშინვე მივედით, გამოვკვებეთ, წყალი დავალევინეთ, ამის შემდეგ კი ჩაეძინა. გული გვეტკინა. იმდენად საწყალი და გამხდარი იყო, ვეღარ მივატოვეთ. თან ვერ წავიყვანდით, რადგან კავკასიაში ვმოგზაურობთ, მაგრამ სოციალურ ქსელში გავავრცელეთ ინფორმაცია და პატრონიც მალევე გამოუჩნდა“, – ამბობს ჯულიანა დევერი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
„პატარა ჰოლივუდელი ძაღლი იქნება. ჩემმა მეგობარმა მარტამ აიყვანა, რომელიც ძალიან ცნობილი პროდიუსერია ჰოლივუდში და ნიჭიერი მემონტაჟე. მუშაობდა ისეთ სერიალებზე როგორიცაა „ექიმი ჰაუსი“, „სიცრუის თეორია“... ერთ-ერთი მონტაჟის რეჟისორი იყო სერიალში Castle. ასე გამოუჩნდა პატარა მეგობარი ჩვენი სერიალის გუნდს, რომელსაც კალიფორნიაში ჩვენც მოვინახულებთ ხოლმე“, – აღნიშნა სიმუსმა.
დევერები ამბობენ, რომ ცხოველები ძალიან უყვართ და სახლში თავშესაფრიდან წაყვანილი ხუთი ძაღლი ჰყავთ. ჯულიანა საქართველოში უკვე მესამედ, წელს უკვე მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. „რუსთავი 2“-თან ცოლ-ქმარი ამბობს, რომ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას გზად ბევრი მიუსაფარი ცხოველი ხვდებოდათ, ამიტომ გადაწყვიტეს თან მათი საკვები ეტარებინათ.