„დოქტორ ძილში“ მოქმედება „ნათების“ მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. მთავარი გმირი გაზრდილი დენი ტორანსია, რომელსაც ბავშვობის საშინელმა წარსულმა დაღი დაასვა და ალკოჰოლიკად აქცია, თუმცა კვლავ იყენებს საკუთარ ზებუნებრივ შესაძლებლობებს და გარდაცვლილთა სულებთან კომუნიკაციას ამყარებს.
სტენლი კუბრიკის 1980 წლის შედევრად მიჩნეული ფილმის მსგავსად, მეორე ნაწილი ასევე დაფუძნებულია საშინელებათა ჟანრის აღიარებული ავტორის, სტივენ კინგის რომანზე, რომელიც სიუჟეტურად ასევე „ნათების“ გაგრძელებაა.
ფილმის რეჟისორი საშინელებათა ფილმებით ცნობილი მაიკ ფლანაგანია (Absentia, Oculus, Hush, Before I Wake, Ouija - Origin of Evil), რომელმაც ასევე გადაიღო სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯერალდის თამაში“ (Gerald’s Game).