weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტარანტინო მენსონის სექტის შესახებ ფილმში ბრედ პიტსა და ჯენიფერ ლოურენსს გადაიღებს

15:28 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტი და რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ცნობილი ამერიკელი კრიმინალის, ჩარლზ მენსონის სექტის შესახებ ფილმს გადაიღებს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ტარანტინომ სცენარი უკვე დაწერა და ახალ ფილმში მუშაობა ბრედ პიტსა და ჯენიფერ ლოურენსთან ერთად სურს.

სავარაუდოდ, რეჟისორის ახალი ფილმის სიუჟეტი გახმაურებული სისხლიანი მკვლელობების ფონზე განვითარდება - 1969 წლის 8 აგვისტოს წარუმატებელმა მუსიკოსმა და კომუნა „ოჯახის“ ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე სახლზე თავდასხმა უბრძანა. მენსონის სექტამ სასტიკად ამოხოცა სახლის ხუთი მაცხოვრებელი, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ცხრა თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი. მენსონის „ოჯახის“ წევრების სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა და შვიდ დამნაშავეს გაზის კამერაში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა 1972 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობის განაჩენით შეეცვალათ.

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში კვლავინდებურად ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი იქნება. არაოფიციალური ინფორმაციით, შერონ ტეიტის როლზე რეჟისორს მარგო რობის მოწვევა სურს. ბრედ პიტმა შესაძლოა გამომძიებელი დეტექტივის როლი შეასრულოს, რაც მსახიობსა და რეჟისორს შორის „უსახელო ნაბიჭვრების“ შემდეგ მეორე თანამშრომლობა იქნება. ერთ-ერთ მთავარ როლზე კი ტარანტინოს ჯენიფერ ლოურენსის ხილვა სურს, რომელთანაც მუშაობა რეჟისორს ჯერ კიდევ „საძულველ რვაში“ სურდა, თუმცა მსახიობისთვის განკუთვნილი როლი ჯენიფერ ჯეისონ ლის ერგო, რომელმაც აღნიშნული ფილმით ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაციები მოიპოვა. ახალ ფილმში სავარაუდოდ კვლავ ითამაშებს ტარანტინოს მუდმივი კოლაბორატორი სამუელ ლ. ჯექსონი, პროექტის პროდიუსერები კი ტრადიციულად ბობ და ჰარვი ვაინშტაინები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ კვენტინ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი ფილმის, „საძულველი რვას“ გამოსვლის შემდეგ ახალ პროექტზე მალევე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლავ ვესტერნის ჟანრში სურდა მუშაობა და აპირებდა ცნობილი ამერიკელი მწერლის, ელმორ ლეონარდის ნაწარმოების (Forty Lashes Less One) მიხედვით ვესტერნი მინი-სერიალის გადაღებას, თუმცა რეჟისორმა, როგორც ხშირად სჩვევია, სამომავლო პროექტი შეცვალა და ამჯერად ახალ ფილმზე გადაერთო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]