ფილმის სიუჟეტის ცენტრში ჩერჩილის კარიერის ის ეპიზოდია, როდესაც 1940 წლის მაისის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ის პრემიერ მინისტრად დაინიშნა. მისი კაბინეტის რამოდენიმე წევრმა ადოლფ ჰიტლერთან მოლაპარაკებების დაწყება ურჩიეს, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩერჩილმა საომარი მოქმედებების გაგრძელება ისურვა.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერა 22 ნოემბერს შედგება, ბრიტანულმა კინოკომპანიამ Working Title გადაიღო. პროექტის პროდიუსერები ოსკარის ორგზისა და სამგზის ნომინანტები - ტიმ ბევანი და ერიკ ფელნერი, ხოლო სცენარის ავტორი ასევე ოსკარის ორგზის ნომინანტი ენტონი მაკკარტენია (The Theory of Everything). მაღალბიუჯეტიან ისტორიულ ნამუშევარზე აგრეთვე ოსკაროსანმა კომპოზიტორმა (დარიო მარიანელი) და კოსტიუმების დიზაინერმა (ჟაკლინ დიურანი) იმუშავეს.
გარი ოლდმენს, რომელიც აღნიშნული როლით კინოკრიტიკოსებისა და სპეციალისტების მიერ უკვე მოიაზრება ოსკარის მოპოვების მთავარ კანდიდატად, ფილმში პარტნიორობას ინგლისელი მსახიობები - კრისტინ სკოტ-თომასი, ლილი ჯეიმსი, სტივენ დილეინი და რონალდ პიკაპი გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ წელს უკვე გამოვიდა უინსტონ ჩერჩილის შესახებ სხვა ბიოგრაფიული მხატვრული ფილმი, სადაც ბრიტანელ პოლიტიკოსს შოტლანდიელი მსახიობი ბრაიან კოქსი ასრულებს, შედარებით დაბალბიუჯეტიანი ფილმის რეჟისორი კი ნაკლებად ცნობილი ჯონათან ტეპლიცკია.