აღსანიშნავია, რომ როკ-ჯგუფ Queen-ის ქარიზმატულ სოლისტზე ბიოგრაფიული ფილმის წარმოება თითქმის ათი წელი მიმდინარეობდა. თავდაპირველად რეჟისორად გამოცდილი სტივენ ფრირზი, ფრედი მერკურის როლზე კი ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი დამტკიცდა, რომელიც მოგვიანებით Queen-ის წევრებთან და ამავდროულად ფილმის პროდიუსერებთან, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორთან საბოლოო დეტალებზე ვერ შეთანხმდა და კინოპროექტი დატოვა.
საშა ბარონ კოენის დათხოვის შემდეგ მთავარ როლზე ინგლისელი მსახიობი ბენ უიშოუ სახელდებოდა, რეჟისორად კი - დექსტერ ფლეჩერი, თუმცა პროექტი კვლავ ვერ შედგა და გადაღებების უფლებაც სტუდია „სონიმ“ 20th Century Fox-ს გადაულოცა.
ბიოგრაფიული ფილმის ახალი სცენარის ვარიანტის ავტორი ოსკარის ნომინანტი (ფილმით - The Theory of Everything) დრამატურგი და სცენარისტი ენტონი მაკკარტენია, რომელმაც აქამდე არსებულ დრაფტს საბოლოო სახე მისცა. ფილმის სიუჟეტი როკ-ჯგუფის 1985 წელს გამართული კონცერტის შესახებ იქნება დაფუძნებული, გადაღებები კი სექტემბერში დაიწყება. პრემიერის თარიღად 2018 წლის 25 დეკემბერია დანიშნული.
რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ რამი მალექს, წარმოშობით ეგვიპტელი მსახიობი 1981 წელს ლოს ანჯელესში დაიბადა და ძირითადად მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით იყო ცნობილი, საყოველთაო პოპულარობა კი სერიალმა „მისტერ რობოტმა“ მოუტანა, რისთვისაც მსახიობმა ემის ჯილდო და ოქროს გლობუსის ორი ნომინაცია მოიპოვა. ამჟამად რამი მალექი საკულტო ფილმ „ფარვანას“ რიმეიქის გადაღებებითაა დაკავებული.